
საქართველოში საფეხბურთო სეზონის განახლებამდე, „დინამო თბილისი" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. TSFF.Ge-სთან გიორგი პაპავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, „ასე იყო საჭირო". მოგვიანებით კი, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა:
„გული მწყდება, რომ მიწევს ამ ტექსტის დაწერა. მიუხედავად ჩემი სურვილისა, კარიერის ბოლომდე ამ გუნდში მეთამაშა, მიწევს გადავდგა ეს ნაბიჯი და დავემშვიდობო ჩემს საყვარელ გუნდს, ოჯახს, რომელთანაც ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე. დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი და კაპიტანი. მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში @fcdinamotbilisi, ასევე ყველა იმ ადამიანს ვისთანაც მიმუშავია ამ გუნდში. განსაკუთრებული მადლობა „ელიტას" და თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა მე და გუნდს! მინდა, წარმატება ვუსურვო „დინამო თბილისს" და მის თითოეულ წევრს", - წერს გიორგი პაპავა.
„დინამო თბილისის" აღზრდილმა გიორგი პაპავამ, გუნდში, 2019 წელს დაბრუნდა. 2020 წლის სეზონიდან კი, გუნდის კაპიტანობა ჩაიბარა. გამოცდილ ნახევარმცველს დინამოს მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში ექვსი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, პაპავა „დინამო თბილისის" შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ჩემპიონი, სამჯერ, საქართველოს დავით ყიფიანის თასი, ხოლო ერთხელ, 2021 წელს, სუპერთასი მოიგო.
„გარკვეული პერიოდი ჩემს დინამოურ კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან დინამო უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია", - ამბობს პაპავა.
როგორც „დინამო თბილისის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, ფეხბურთელმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. კულუარული ინფორმაციით, პაპავა თამაშს, უცხოეთში გააგრძელებს.





ჩვენ








