
მალე, თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ საფეხბურთო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დიღმის მასივში მდებარე „ავაზას" ახალ სიცოცხლეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისცემს. ყოველ შემთხვევაში, ამის მზაობაზე სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირად სოციალურ სივრცეში განაცხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაცია „ავაზას" სპორტული ცენტრის რეაბილიტაციას შეძლებს. „ავაზას" ცენტრი, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი აღუზრდია, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისის მერიის დახმარებით, სპორტული სკოლის ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცემა. როგორც იცით, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საფეხბურთო სტადიონების შენარჩუნება და მშენებლობაა, რათა უფრო მეტ ბავშვს და ფეხბურთის მოყვარულს მივცეთ ამ სპორტში ჩართვის შესაძლებლობა", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

ბოლო წლების მანძილზე, სფფ-ს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საფეხბურთო ცენტრები გაიხსნა. მათ შორის რამდენიმე თბილისში - გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე და ვაკეში. ამჟამად, მშენებლობის პროცესშია დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი. „ავაზა" კი, იქნება კიდევ ერთი საფეხბურთო სივრცე დედაქალაქში.
„პირადად ჩემთვის, ძალიან ემოციურია ეს გადაწყვეტილება, რადგან 6 წლიდან ამ სკოლაში დავიწყე ფეხბურთზე სიარული. სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელად ჩამოყალიბება და უამრავი საფეხბურთო მოგონება მაკავშირებს მასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და პირადად კახი კალაძეს ამ არაჩვეულებრივი საქმისთვის. მიხარია, რომ „ავაზას" საფეხბურთო სკოლის სახით მალე ჩვენ დედაქალაქს, კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ექნება", - ამბობს კობიაშვილი.
ინფორმაციისთვის, დღეს, საფეხბურთო სკოლა „ავაზაში", რამდენიმე ასეული ბავშვი ვარჯიშობს. დიღმის მასივის, მე-3 კვარტალში მდებარე საფეხბურთო სკოლის ტერიტორია შეიცავს სამ ხელოვნურსაფარიან (100X68, 40X20, 70X35) მოედანს.
სარედაქციო სურვილი - გამომდინარე იქიდან. რომ წლების მანძილზე აღნიშნულ სკოლას ლეგენდარული მიხეილ მესხი ხელმძღვანელობდა, არ იქნება ურიგო, თუკი რეაბილიტაციის შემდეგ, საფეხბურთო სკოლა სწორედ, მიხეილ მესხის სახელობის იქნება.
ფოტოები: ლევან კობიაშვილის სოციალური ქსელი





ჩვენ








