გადაწყდა, ხუთშაბათი ოპერაციის დღეა
გადაწყდა, ხუთშაბათი ოპერაციის დღეა
23.04.2018
ავტორი:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი მერებაშვილს ოპერაციას ის ფინელი ექიმი ჩაუტარებს, რომელმაც თავის დროზე დემბელეს, ვერმაელენს, თვით დევიდ ბექჰემსა და გუარდიოლასაც კი  გაუკეთა ოპერაციები.

„ხვალ მივფრინავ ფინეთში და ხუთშაბათს ვიკეთებ ოპერაციას. შაბათს, პოლონეთში დავბრუნდები და ორშაბათს თბილისში ვიქნები, სადაც რეაბილიტაციას გავივლი. იმედია, რომ მალე აღვიდგენ ფორმას. ჩვენი ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი შემპირდა, რომ საქართველოში,  სარეაბილიტაციო პროცესის შედეგინად გავლაში დამეხმარება. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე მოვახერხებ დაბრუნებას", - ამბობს გიორგი მერებაშვილი tsff.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოლონური ჩემპიონატის 31-ე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კუნთი გაიწყვიტა. საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბთან კონსულტაციისა და ერთ-ერთ ევროპულ კერძო კლინიკაში გაგზავნული დიაგნოზის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ფინეთში ჩაუტარდება.

დღეს გიორგი მერებაშვილს ფინეთიდან უკვე ოპერაციის ზუსტი დრო შეატყობინეს. ქართველ ფეხბურთელს, ოპერაციას ფინურ ქალაქ ტურკუში „ჰოსპიტალ ნეო"-ში ჩაუტარებენ, რომლის ერთ-ერთი პროფილი სპორტული მედიცინაა. ქართველი ფეხბურთელის „ბედი" კი საკარი ორავას ხელშია. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის ხანგრძლივ, შესაძლოა 4-5 თვიან პროცესს უკვე თბილისში გაივლის.