
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულებულ მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ქალებმა, ტურნირის გამარჯვებული უკრაინის ქალთა ნაკრების მსგავსი ქულები დააგროვეს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ამ ჯერზე ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
ბოლო შეხვედრაში, ქართველი ქალები აზერბაიჯანის გუნდს შეხვდნენ და 3-1 გაიმარჯვეს. მსოდლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაში ქართული გუნდი შემდეგი შემადგენლობით იყო წარდგენილი: ნანა ძაგნიძე (2531), ლელა ჯავახიშვილი (2476), ნინო ბაციაშვილი (2466), მერი არაბიძე (2426), სალომე მელია (2384) - აქ მოცემულია ოლიმპიადამდე ოფიციალური სარეიტინგო ქულები. გუნდის კაპიტანი - დავით ჯოჯუა
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურის წინ, ოლიმპიადის სატურნირო ცხრილს 17 ქულით ინდოეთის ნაკრები ერთპიროვნულად ლიდერობდა. 16-16 ქულით კი, მეორე-მეხუთე ადგილებს პოლონეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები ინაწილებდენ. თუმცა, ოლიმპიადის მასპინძლებმა ბოლო შეხვედრა აშშ-ს გუნდთან დასთმეს. უკრაინელებმა კი, პოლინელებს სძლიეს.
მსოფლიოს საჭადრაკო, რიგით 44-ე ოლიმპიადა, ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 28 აგვისტოდან მიმდინარეობდა და მასში, სპორტსმენთა რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეჯიბრში ვაჟთა შორის 188, ხოლო ქალთა შორის 162-მა ეროვნული ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, მას ბაადურ ჯობავა (2585), მიხეილ მჭედლიშვილი (2593), ლევან ფანცულაია (2581), ლუკა პაიჭაძე (2561), თამაზ გელაშვილი (2549) და გუნდის კაპიტანი - ზურაბ სტურუა წარმოადგენდნენ. განსხვავებით ქალებისგან, მათ, მსოფლიოს რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 27-ე ადგილი დაიკავეს.





ჩვენ








