დაცვაში გამართული თამაში და სწრაფი პირველი შეტევა - ის, რასაც ყველა სპარინგი ემსახურება
დაცვაში გამართული თამაში და სწრაფი პირველი შეტევა - ის, რასაც ყველა სპარინგი ემსახურება
11.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ევრობასკეტი 2022"-ის დაწყებამდე სულ  ცოტა დრო რჩება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტურნირისთვის მოსამზადებელი ციკლის ახალ ეტაპზე გადადის. საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, „ტროფი ტურის" ფარგლებში კი, საქართველოს 11 აგვისტოს, „ევრობასკეტის" თასი ეწვია და თბილისში, ექსკლუზიურად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორ ორგანიზაციებში, ევრობასკეტის თილისმასთან, "დიჯეი ბაუნსთან" ერთად სტუმრად მივიდა.

ამ დროს, თბილისის სპორტის სასახლეში, ხვალინდელი, 12 აგვისტოს სპარინგის წინ საქართველოსა და ისრაელის კალათბურთელთა ნაკრებებმა ივარჯიშეს. ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს კვლავ, მიხეილ ბერიშილის გარეშე მოუწევს თამაში. გუნდებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კი, ხვალინდელ მატჩში, ორივე ნაკრების მწვრთნელს 14-14 კალათბურთელის გამოცდის შესაძლებლობა ექნება, ნაცვლად, 12-სა. გუნდთან ერთად იქნება სანდრო მამუკელაშვილი. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მის შესახებ, ახალ ინფორმაციას ზუროსი არ ფლობს.




„ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი. ეს ნორმალურია. უპირველესად, უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა. სამუშაო გვაქვს მოხსნებზე, უფრო აგრესიული უნდა გავხადოთ ის, როგორც დაცვის, ასევე შეტევისას. ჩემი აზრით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი გუნდში, საკუთარი ადგილები. ხვალ პირველი თამაში უწევს ამ შეკრებაზე სანდრო მამუკალეშვილსაც. მისგან ველით, რომ ისწავლის ჩვენს სისტემას და მოახერხებს მასში ჩაწერას. ეს, ნორმალურია, რომ ამ მომენტში ჩვენ არ ვფუნქციონირებთ გამართულად. არ არის ის, რისი მოლოდინიც არის ჩვენგან, მაგრამ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი და ოფიციალური თამაშებისთვის ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი" - ამბობს ილიას ზუროსი.


სლოვენიაში, ევრობასკეტისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მოსამზადებელი პირველი ეტაპით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი კმაყოფილია. ანალოგიურად, უნგრეთთან სპარინგებისა, ისრაელის ნაკრებთან შეხვედრაშიც, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, მატჩში დაფიქსირებულ ანგარიშზე მეტად, ყურადღებას იმ შეცდომებს დაუთმობს, რომელთა გამოსასწორებლადაც კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება.




„უნგრეთის თამაშიდან გამომდინარე სანერვიულო არ გვავქს. საერთო სურათს ნუ შევქმნით. ეს იყო პირველი თამაში, საწყისს პერიოდიში. პიკამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ ძალიან ბევრი გვიკლია. უნდა გამოვასწოროთ დაცვა პირველ რიგში და უნდა გავხადოთ ჩვენი ძლიერი მხარე. ასევე სწრაფი თამაში პირველ შეტევაში", - ამბობს თორნიკე შენგელია, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ნაკრებმა, ხვალ, სპორტის სასახლეში უნგრეთთან ჩატარებული სპარინგებისგან განსხვავებული თამაში უნდა შესთავაზოს გულშემატკივარს.


საქრათველოს ნაკრების ძლიერ და სუსტ მხარეზე ლაპარაკს თავს არიდებს რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც, ტრანსლირებული, პირველი სპარინგის დროს, თამაში, მარტივად, არ წაუვიდა.


„ისრაელის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველა გუნდს, რომელსაც შევხდებით უკვე იქნება ევრობასკეტის მონაწილე. ვემზადებით, ყოველი თამაში, საბოლოო მიზნისთვის მნიშვნელოვანია. ეს კი 1 სექტემბერია. ბოლომდე ვიხარჯებით. თითქმის ყველა მოთამაშე ვიქნებით ამ თამაშზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გავდივართ მოსამზადებელ ეტაპს", - ამბობს რატი ანდრონიკაშვილი და დასძენს „ზოგადად, სუსტ მხარეს, ასე ვერ ვიტყოდი და ძლიერ მხარეს არ შევაფასებდი. პატარ-პატარა ასპქეტები უნდა გამოვასწოროთ, რომ 1 სექტემბრისთვის და საბოლოოდ, ევრობასკეტისთვის ვიყოთ არა მარტო შეტევაში, არამედ, დაცვაშიც დამაჯერებლები".





შეგახსენებთ, რომ საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს.  ჩვენს, „ა" ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის,ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე". თუმცა, მანამდე, უკვე 15 აგვისტოს, ილიას ზუროსის გუნდი საბერძნეთში გაემგზავრება და ტრადიციულ ტურნირში, აკროპოლისის თასზე, სამი საკმაოდ ძლიერი საკალათბურთო ქვეყნის, საბერძნეთის, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, ჩვენს გუნდს კვალვ თბილისში, უწევს ჩამოსვლა და FIBA-ს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მე-4 საკალათბურთო ფანჯრისთვის ფანჯრის ორი შეხვედრის გამართვა, 24 აგვისტოს თბილისში ნიდერლანდების წინააღმდეგ და შემდეგ უკვე იტალიაში.





ფოტო: კალათბურთის ფედერაციის /