
ორი ამხანაგური მატჩი გამართა 9 და 11 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ. სფფ-ს რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში, ჩვენები, ერთში 1-2 დამარცხდნენ, მეორეში კი, ფრედ, 1-1 ითამაშეს.
პირველ სპარინგში, ანგარიში, საქარათველოს ნაკრებმა, მე-18 წუთზე გახსნა. გოლი, „დინამო თბილისის აკადემიის" წევრმა, ალექსანდრე თურქიამ გახსნა. თუმცა, სტუმრებმა 33-ე წუთზე ანდრეი ცამაის ზუსტი დარტყმით გაგვითანაბრეს. საბოლოო ანგარიში კი, 82-ე წუთზე, დანილო ვუკანიჩმა დააფიქსირა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, აქ, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე, თავი კვლავ „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა საბა სამუშიამ გამოიჩინა. პირველი მატჩის მსგავსად, მონტენეგროელებს, მალევე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, თუმცა, აქ მეორე თბილისური კლუბის, „ლოკომოტივის" წარმომადგენელმა გამოიჩინა თავი - სოსო კოპალიანმა, 11-მეტრიანი მოიგერია. ანგარიში სტუმრებმა, 57-ე წუთზე, ანდრია ბულატოვიჩის გოლით აღადგინეს.
„შეკრებით კმაყოფილი ვარ. რაც დავგეგმეთ დაცვით ფუნქციებზე მუშაობა, წინა შეკრებასთან შედადრებით, უფრო დადებითი დინამიკა დავინახეთ. თუმცა, ვერ ვიტყვი და ვერ ვიქნები კმაყოფილი შედეგით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეხბურთელები ერთად, მხოლოდ 10 დღეა ემზადებიან. აქედან გამომდინარე, ორი თამაშის შედარებისას გამოვარჩევდი მეორეს, რადგან უფრო დალაგებული ფეხბურთი ვითამაშეთ, დაცვის ფაზაში ნაკლები შეცდომა დავუშვით. თუმცა, ნაკრების დონეზე, პატარა-პატარა შეცდომების, ნიუანსების გამო ვისჯებით ხოლმე და ეს, ბიჭებმა იციან. დარწუნებული ვარ, რომ ოქტომბერში, უფრო მეტად შესძლებენ მობილიზებას და ამ შეცდომებს, მინიმუმამდე დაიყვანენ", - ამბობს გიორგი ხიზანიშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
მოგეხსენებათ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო თამაშებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაატარებს ჩვენები, ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას გუნდებს დაუპირისპირდებიან. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე, 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს კი, საქართველო უმასპინძლებს.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








