
ამხანაგური თამაში და ვარჯიში, საიდანაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნები უნდა გააკეთოს და შეცდომები გამოასწოროს - ამ მოსაზრებას, ევრობასკეტამდე 19 დღით ადრე, იზიარებს ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეებიც. თუმცა, გულშემატკივრისთვის, როდესაც თუნდაც, ამხანაგურ შეხვედრაში ჩამორჩენა 20 ქულას შეადგენს, სანერვიულო ნაღდად არის. მით უმეტეს, რომ უკვე რამდენიმე შეხვედრაა, ჩვენი გუნდი, განსაკუთრებით დაცვაში ვერ გამოიყურება კარგად.
„წავაგეთ და ეს ამხანაგურია, თუ ოფიციალური, გულდასაწყვეტი არის. გამოჩდნა, რომ დაცვაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა და თამაშის შემდეგ, მწვრთნელმაც გასახდელში აღნიშნა, რომ ჩვენ დაცვით უნდა მოვიგოთ თამაშები, რადგან თავდასხმაში ჩავაგდეთ 96 ქულა. როდესაც გუნდი, ამდენ ქულას აგდებს, ეს თამაში, ფაქტიურად უნდა მოიგო", - ამბობს თამაშის შემდეგ გიორგი შერმადინი, რომელიც ცხელი თბილისური ამინდის მიუხედავად, სასახლეში მოსულ ქომაგს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ უკეთესი თამაშებიც „მოვა".

დაცვაში გამოსასწორებელი სუსტი თამაში აღნიშნა ისრაელთან მატჩამდე, ჩვენთან საუბარში თორნიკე შენგელიამაც. კაპიტანმა, თქვა, რომ ეს, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი სუსტი მხარეა, რომელიც ძლიერად უნდა ვაქციოთო. იმედია, დარჩენი დროში, ილიას ზუროსის გუნდი ამის გაკეთებას მოახერხებს. მანამდე კი, ისრაელთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად, კარგ ტემპში, თუმცა, საქართველოს ნაკრების სუსტი დაცვითი თამაშით ჩატარდა. ალბათ, საწყენად არა, მაგრამ რიგ მომენტებში ისრაელის ნაკრების ერთი რომელიმე მოთამაშე, ისე რჩებოდა პერიმეტრზე „თავისუფალი", რომ იქმნებოდა სტუმართა რიგებში ერთი ზედმეტი მოთამაშის ილუზია და თან, ასეთი „მარტო დარჩენის" შემდეგ, ქართველთა გუნდის ფარში აუცილებლად 3-ქულიანი ვარდებოდა. საერთო ჯამში, სტუმრებმა 28 მცდელობიდან, 12 ზუსტი 3-ქულიანი ჩაგვიგდეს. ჩვენ, 21 მცდელობისან, მხოლოდ 7-ჯერ ვიყავით ზუსტნი. ამ კუთხით, საქართველოს ნაკრებში, 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა დუდა სანაძეს, რომელმაც 3-დან 3 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო და გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას, თუმცა, თოკომ მხოლოდ ერთხელ ისროლა პერიმეტრიდან.

ამხანაგური თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, გუნდები, მოლაპარაკებულნი იყვნენ, რომ თამაშში, 14-14 მოთამაშის გამოყენება შეეძლოთ. ისრაელის ნაკრებში, მწვრთნელმა ორი კალათბურთელი არ ათამაშა, ხოლო ქართული წარმოშობის გაბრიელ ჭაჭაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 21 წამი გაატარა. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ზუროსმა დღეს, გიორგი კორსანტიას, გივი ბაქრაძესა და ილია ლონდარიძეს არ მისცა თამაშის საშუალება. ტრადიციულად პარკეტზე ყველაზე მეტი დრო 37:12 წუთი გაატარა თად მაკფადენმა, რომელმაც, მისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 13 ქულა დააგროვა. თადმა ფარს, მთელი თამაშის მანძილზე, მხოლოდ 11 ჯერ შეუტია, ოთხიდან 3 ზუსტი 2-ქულიანი შეასრულა და 7 მცდელობიდან, მხოლოდ 3 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრებში, ყველაზე შედეგიანი 26 ქულით თორნიკე შენგელია იყო. 10 ქულით ნაკლები, 16 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შერმადინის ანგარიშზეა, 15 ქულა დუდა სანაძის. 9 ქულა დააგროვა კახაბერ ჭინჭარაძემ.

ზუროსის სასტარტო ხუთეულიდან - გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი, 10-ს ქვევით, მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა ცინცაძემ დააგროვა ქულები. 22:46 წუთი დაჰყო პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა, რომლის მონაგარიც მიმდინარე შეკრებაზე პირველ სპარინგში არც თუ ბევრია, მხოლოდ 6 ქულა.
ახლა, რაც შეეხება, თამაშის მსვლელობას, სადაც შედარებით თანაბარი პირველი მეოთხედი იყო. აქ, ქართველებმა, მხოლოდ ბოლო წამებზე დაშვებული უზუსტობების გამო ებრაელებს ქულები აჩუქეს და 26-29, 3 ქულით წააგეს. ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე მეოთხედიც, ქართულმა გუნდმა კვლავ 3 ქულა წააგო, 22-25, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, სხვაობა, უკვე 6 ქულა იყო, 48-54. ალბათ, ყველაზე დიდი ჩავარდნა საქართველოს ნაკრებს, მესამე მეოთხედში ჰქონდა. ზუროსის გუნდი, ერთ მომენტში, 18 ქულასაც აგებდა, თუმცა, მეოთხედი, მხოლოდ 10 ქულითმ 20-30 წააგო და ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინ, 16 ქულით აგებდა. აქ, საქართველოს ნაკრებმა, „ამოქოქა", მართალია, დაცვაში კვლავ დაუშვა შედომები, განსაკუთრებით ბოლო წუთებში, თუმცა, მეოთხედი 28-20 მოიგო და ამასთან მსვლელობისას, ლიდერად გასვლაც შეეძლოთ, თუმცა... საბოლოოდ, 96-104 დავმარცხდით და ცოტა განწყობა წავიხდინეთ.

მატჩის ფოტო-ამბავი
ხვალ, საქართველოს ნაკრები ისრაელის გუნდის წინააღმდეგ, უკვე დახურულ თამაშს ჩაატარებს. ამის შემდეგ, ზუროსის გუნდი, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც აკროპილისის თასზე, პოლონეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპრდება. სხვათა შორის, თურქეთის ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფშია, დღეს სტამბულში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, სლოვენიის ნაკრებთან გამართა ამხანაგური თამაში და ოვერტაიმში, 1 ქულით 103-104 დამარცხდა. ამ შეხვდრაში ძირითადი დრო ფრედ 90-90 დასრულდა, თურქთაგან ყველაზე შედეგიანი, 33 ქულით კი, ფურქან ქორქმაზი იყო





ჩვენ








