
ქალთა ლიგის მე-10 ტურმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. გათამაშების პირველ ორ საფეხურზე მყოფმა გუნდებმა მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში.
„დინამო" სოხუმი - „სამეგრელო" 0-3
სოხუმის „დინამო" და „სამეგრელო" თბილისში, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტუმრებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. მაიკო ბებიას გოლს, კიდევ 9 წუთში, ნინო ბუხრიკიძის მიერ გატანილი გოლიც დაემატა და შესაბამისად, შესვენებაზე „სამეგრელო" ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. თამაშის სურათი, არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მხოლოდ აქ, პირველისგან განსხვავებით, ერთი გოლი გავიდა და ის, 63-ე წუთზე კვლავ, „სამეგრელოდან" სალომე გასვიანმა გაიტანა.
„მართვე" - „ნორჩი დინამო" 4-0
ოთხი უპასუხი გოლი გაიტანა „ტორპედოს" საფეხბურთო ბაზაზე ქუთაისის „მართვემ". გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ წყვილში, ალბათ, სტუმრები „ნორჩი დინამო" ითვლებოდა ფავორიტად. თუმცა, ანი ჯანელიძემ, მე-9 წუთზე მათ, პირველი გაფრთხილება მისცა. „მართვემ", პირველი ტაიმის 1-0 მოიგო. აი, მეორეში, კი „მართვემ" ფრთები გაშალა და კიდევ 3 გოლი გაიტანა. 58-ე და 76-ე წუთზებზე ანი ჯანელიძემ კიდევ ორი გოლი გაუტანა თბილისელებს. შეხვედრის მიწურულს, 90-ე ეუთზე კი, მატჩს წერტილი ლანა გორგაძემ დაუსვა.
„გორი იუნაიტედი" - „კვარტალი" 0-2
მხოლოდ ორი გოლი გავიდა გორში, ახალბაღის სტადიონზე, „გორი იუნაიტედისა" და „კვარტალის" დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ შესვენების შემდეგ, გუნდი სახეცვლილი დაბრუნდა ჩემპიონატში, გორელთა რიგებში ამ შეხვედრაში ოთხმა ლეგიონერმა ითამაშა. ანგარიში მე-7 წუთზე სტუმრებმა გახსნეს ნათია დანელიას გოლით. თუმცა, მალევე კვარტლელები 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩნენ. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, მორიგი გოლი, კვლავ სტუმრებმა და პირველივე ტაიმში გაიტანეს - 35-ე წუთზე, „გორი იუნაიტედის" კარი, ელენე ჩიქოვანმა აიღო.
„ლანჩხუთი" - „კოლხეთი" ხობი 3-1
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ხორვატიაში, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამგზავრებმდე ბოლო შეხვედრა ჩაატარა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა. „ლანჩხუთელებს", პირველივე ტაიმში შეეძლოთ, ოთხი გოლით დაწინაურება, თუმცა, თეონა ბაქრაძემ, 41-ე წუთზე 11-მეტრიანი გააცუდა, ორ წუთში კი, მესამედ აიღო ხობელთა კარი. ამ მომენტისთვის, გურულების გუნდი მე-17 წუთზე ხატია ჭყონიასა და 34-ე წუთზე ია ალელიშვილის გოლების წყალობით, უკვე 2-0 იგებდა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა, მეორე ტაიმში მოახერხა დაცვაში სწორად თამაში და 3 ქულის აღებაც, თუმცა, ხობელებმა, პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს. 85-ე წუთზე, თათია გაბუნიას კარი, ანა წულაიამ აიღო.
ქალთა ლიგის მე-11 ტური 20 აგვისტოს არის ჩანიშნული, თუმცა, ტურის ცენტრალური მატჩი, „სამეგრელოსა" და „ლანჩხუთს" შორის, ჩხოროწყუში, 25 აგვისტოს გაიმართება.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








