„აკროპოლისის თასი“ წაგებით დავიწყეთ
„აკროპოლისის თასი“ წაგებით დავიწყეთ
17.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯერ, მსოფლიოს შესარჩევამდე, შემდეგ კი, ევრობასკეტამდე სულ ცოტა დრო რჩება, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კი, მორიგ ჯერზე საკუთარ კალათში 100-ზე მეტ ქულას უშვებს. ამჯერად, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 13 ქულით, 101-88 მოგვიგო და ამასთან, კვლავ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა ჩვენი გუნდის დაცვაში თამაშთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ბოლო შეხვედრაში ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ, ამჯერადაც, ილიას ზუროსის გუნდმა, ვერაფერი განაწყო მოწინააღმდეგე გუნდის პერიმეტრიდან მსროლელების წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, ჩააგდო ყველამ, ვინც „მარტო" დარჩა და სროლა შეირგო. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს, დაცვაში თამაშისას, ერთი კაცი, კვლავ რჩებოდა „მეტობაში"... საბოლოოდ, თურქეთის ნაკრებმა, 26-დან 12-ჯერ 3-ქულიანი ზონიდან ჩაგვიგდო. ამასთან, ამ კომპონენტში, თურქების მაჩვენებელი გადამწყვეტი მეოთხედის წინ 43%-ს შეადგენდა....

ბუნებრივია, ზემოთჩამოთვლილ ოფიციალურ მატჩებამდე, ყველა ამხანაგური თამაში შეცდომების გამოსავლენად და სასწავლოდ არის გამიზნული. ისიც ნათელია, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავს და სწავლობს და გამორიცხავს ყველა ვარიანტს, მაგალითად, დღეს მეორე პერიოდიდან კახაბერ ჯინჭარაძე გამოგვაკლდა და ზუროსსაც, მოუწია „გადალაგება". გასაგებია, რომ ამხანაგურ თამაშებში, ჩვენი ნაკრები, რომელიც ვიმედოვნებთ, მსოფლიოს შესარჩევი და ევრობასკეტის თამაშების მომენტისთვის ოპტიმალურ ფორმაში იქნება, წესით ბოლომდე არც უნდა გაიხსნას. თუმცა, თამაშიდან თამაშამდე, შეცდომები უნდა გამოსწორდეს, ჩვენი გუნდის დაცვის თამაშში კი, „იგივე" რჩება. ამჯერად, კვლავ ისრაელთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით, ვითამაშეთ პირველი და ბოლო მეოთხედი.


ბუნებრივია, რომ მედიის დიდ ნაწილს, ვინც საკალათბურთო თემაზე ვწერთ, თავად დიდი კალათბურთი არ გვითამაშია და ამ მიზეზით, მედიის მხრიდან კრიტიკას, მავანნი ნაკრებზე „გადავლად" და არაკომპეტენტურად მიიჩნევენ, თუმცა, ჯანსაღი კრიტიკა მოსასმენი და გასაანალიზებელია. საქართველოს ნაკრების (ყველაზე წარმატებული ნაკრების სათამაშო სახეობებში) კარგი თამაში, ნამდვილად, მედიის ყველა წარმომადგენლის უდიდესი სურვილია. თორემ, ეროვნულ ნაკრებს ქართული მედია ლხინშიც და ჭირშიც გვერდზე უდგას და დაუდგება.  ეს ისე, ცოტა გადახვევა.


რაც შეეხება „აკროპოლისის თასზე" საქართველოს ნაკრების სასტარტო შეხვედრას თურქებთან, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი, მეტ-ნაკლებად თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა, 18-24 მოიგო. აი მეორედან კი, ზემოთხსენებულმა წუნმა იჩინა თავი - თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა (ლარკინს დიდად არ გამოივიდა არაფერი და ამაში, ჩვენების წილიც არის. ასე თუ ისე, ქორქმაზიც ცოტა შევზუღდეთ, განსხვავებით თურქეთის ბოლო ამხანაგური თამაშებიდან) ოსმანმა, პატარა „ოსმალეთის იმპერიის" შენება დაწიყო, ჩვენმა გუნდმა მას ვერაფერი მოუხერხა ვერც ამ და ვერც მომდევნო პერიოდებში. საერთო ჯამში თურქი, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა 22 ქულით. აქვე გეტყვით, რომ ზუროსმა თამში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - მერაბ ბოქოლიშვილი (15:45), თად მაკფადენი (31:24), სანდრო მამუკელაშვილი (28:01), თორნიკე შენგელია (26:48) და გიორგი შერმადინი (23:17).


მეორე მეოთხედის შუაწელიდან თურქებმა ნელ-ნელა მოახერხეს ინიციატივის მოპოვება და ეს მონაკვეთი, 30-22 მოგვიგეს. დიდ შესვენებაზე, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-46. თუმცა, აი შეხვედრის დარჩენილ დროში კი, თურქებმა მოახერხეს კომფორტულად დაწინაურება და თუკი, პირველ მეოთხედში 10 ქულით ჩვენ ვიყავით წინ, აქ, მათ 11 ქულით მოახერხეს გაჭრდა და რაც მთავარია თითქმის მთელს დარჩენილში დროში, 7-9 ქულიანი ზღვარის შენარჩუნება. მესამე მეოთხედი, 27-20 მოგვიგეს. აი ბოლოში კი, ზუროსის გუნდმა კვლავ მოუმატა და ერთ მომენტში სხვაობა 2 ქულამდეც დავიდა, თუმცა, თურქებმა კვლავ მოახერხეს გაქცევა და საბოლოოდ (ბოლო მეოთხედი 26-22), გამარჯვება.


განსხვავებით წინა შეხვედრისგან, გამოვარჩევდი სანდრო მამუკელაშვილის (ორმაგი დუბლი - 16 ქულა, 14 მოხსნა), რომელიც თამაშიდან თამაშამდე ახერხებს ადაპტაციას ნაკრებთან და გიორგი შერმადინს (18 ქულა), რომელსაც ჩვეულ და მედიისა და ქომაგების საყვარელ კონდიციამდე ჯერ კიდევ უკლია. ბუნებრივია, ტრადიციულად და განსაკუთრებულად ამ ამხანაგური თამაშების დროს საუკეთესო თოკო შენგელია იყო. ამჯერად კაპიტნის ანგარიშზე 20 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა.


მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.


ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა თურქების ძალას უკვე კბილი გაუსინჯდა და ევრობასკეტზე, 4 სექტემბრისთვის, იმედია ზუროსის სამწვრთნელო შტაბს, უფრო მორგებილი სტრატეგია ექნება შემუშავებული.  „აკროპოლისი თასზე" კი, საქართველოს ნაკრები, მომდევნო შეხვედრას ხვალ 18 აგვისტოს, 22:00  საათზე, მასპინძელი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.