„ლანჩხუთი“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, თუმცა, ჩემპიონთა ლიგას ეთიშება
„ლანჩხუთი“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, თუმცა, ჩემპიონთა ლიგას ეთიშება
18.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა" დღეს, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო გამოსვლა. ქართული გუნდის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენებმა უკრაინულ „ვორსკლასან" (გუნდის მეორე სახელია „ჟილსტროი") 5-0 წააგეს. თუმცა, აქ, ანგარიშზე მეტად ის გარემოებაა საყურადღებო, რომ „ლანჩხუთმა" მეორე ტაიმი 9 ფეხბურთელით ითამაშა. ქართულ გუნდს, მეორე ტაიმის სტარტზე, როდესაც ანგარიში უკვე 3-0 იყო უკრაინული გუნდის სასარგებლოდ, 47-ე წუთზე თეონა ბაქრაძე, 56-ზე კი, ეთერ სულაშვილი გაუძევეს - რეალურად ის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ლანჩხუთელთაგან გოლების გატანა შეეძლოთ.

ანგარიში სწრაფი გოლით, ირინა კოტიაშიმ გახსნა, მე-7 წუთზე, როკსოლანა კრავჩუკის გოლით, ნომინალური მასპინძლები უკვე 2-0-ს იგებდნენ. ამ გარემოებამ, გიორგი ჩხაიძის გუნდის თამაშზე ბუნებრივია გავლენა იქონია. „ლანჩხუთის" ფეხბურთელები, რომლებიც ხორვატიაში, ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ, ხშირად ჯარიმდებოდნენ. უკრაინელებმა, კი პირველ ტაიმში მე-40 წუთზე (იანა კალინინა) კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და რეალურად მატჩის ბედიც იქ გადაწყვიტეს.


შეხვედრის მეორე ნახევარი (და ამ მატჩის პირატული ლაივ-სტრიმი უკრაინული გუნდის წარმომადგენლის მიერ გადაიცემოდა ინსტაგრამ გვერდზე) კი თეონა ბაქრაძის მეორე ყვითელით, რომელიც წითელში გადაიზარდა და ქართველთა დანაკლისით გაგრძელდა. მალე ბაქრაძეს, ეთერ სულაშვილიც მიაყოლეს. მიუხედავად ამის, 9 ფეხბურთელით დარჩენილ „ლანჩხუთს", „ვორსკლამ" მორიგი, მეოთხე გოლი მხოლოდ, 78-ე წუთზე გაუტანა. თავი ამჯერად, ორგა ოსიპიანმა გამოიჩინა. ბოლო მეხუთე გოლი კი, „ლანჩხუთმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა, დუბლი კალინინამ გაიფორმა. „ლანჩხუთმა" 5-0 წააგო და ახლა მესამე ადგილისთვის, საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გულნარა გაბელიას ყაზახურ „ბიიკ უაზიგიურტისა" და ხორვატული „სპლიტის" წყვილში დამარცხებულს შეხვდებიან. ამ წყვილის 1/2  შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 დაიწყება.