წაგებებით დატვირთული მოსამზადებელი ციკლი და ფერიცვალების მოლოდინი
წაგებებით დატვირთული მოსამზადებელი ციკლი და ფერიცვალების მოლოდინი
19.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოფიციალური თამაშებისთვის საწვრთნელ შეკრებას მარცხით ასრულებს. მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის და ევრობასკეტი 2022-ის თამაშებამდე თითქმის ერთ თვიანი საწვრთნელი შეკრების დროს, ილიას ზუროსის გუნდმა 7 სპარინგი გამართა და ყველაში დამარცხდა (თუმცა, ერთ სპარინგში, რომელიც დახურული იყო, წინასწარი მოლაპარაკებით დამატებითი ტაიმი დაინიშნა და იმ დამატებითი ტაიმით, საქართველოს ნაკრებმა უნგრელებთან გაიმარჯვა). ბოლო სამი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა, საბერძნეთში, „აკროპოლისის თასზე" პოლონელებთან წააგო 76-87. აქვე შეგახსენებთ, რომ ათენში, ქართველმა კალათბურთელებმა პირცელი მატჩი თურქეთის ნაკრებთან 101-88, ხოლო მომდევნო, მასპინძელ ბერძნებთან 67-80 წააგეს.

ისევე როგორც ბერძნებთან შეხვედრაში, კალათბურთის ქართველმა გულშემატკივარმა „ორი" ნაკრები იხილა - პირველ ტაიმში კარგი თამაშით და მეორეში - დატვირთული შეცდომებით. ისევე, როგორც უნგრეთში და თბილისში გამართულ მატჩებში, ამჯერადაც, საბერძნეთში, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში, მოახერხა სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა, იმის იქით ვერ გავიდა.


ბუნებრივია, გასაგებია მოსამზადებელი ციკლის სპეციფიკა და აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოფიციალურ თამაშებზე სახეცვლილი იქნება, თუმცა, ფერიცვალება დღეს, საქართველოს ნაკრებს თბილისური ამინდივით, ცვლილების არაფერი დასტყობია. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრების მიმართ გამოხატული კრიტიკა, რიგი წრეების მიერ მტკივნეულად და „ნაკრების გადავლად" იქნა აღქმული, ჩვენ კი ვაცნობიერებთ, რომ მომდევნო თამაშების დროს, გუნდში მშვიდი განწყობა, წარმატების საწინდარია, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთით შემოვიფარგლებით - მოსამზადებელი ეტაპის შვიდივე შეხვედრაში, გამოიკვეთა საქართველოს ნაკრების სუსტი მხარე, დაცვაში თამაში, რომლის გამოსასწორებლადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს სულ უფრო ცოტა დრო რჩება.


საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას უკვე 24 აგვისტოს, თბილისში, „თბილისი არენაზე" ნიდერლადნების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი.