
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი ლევან კუტალია („დინამო თბილისის" შემადენლობაში იმ სეზონში 20 გოლი გაიტანა), 22 აგვისტოდან ახალ სეზონს „სექცია ნეს-ციონისთან" დაიწყებს. ქართველის გუნდი, ისრაელის „ლიგატ ჰაალში" პირველ შეხვედრას „კირიათ შმონას" წინააღმდეგ გამართავს. TSFF.Ge ლევან კუტალიას დაუკავშირდა და წინასასეზონო განწყობაზე ჰკითხა, მითუმეტეს, რომ მეორე დღეა ისრაელის მედიაში, ქართველის გუნდიდან წასვლის შესახებ დაიწყეს წერა.
„აქ მედია ბევრ აბდა უბდას წერს და მაგიტომ, მაგას არ უსმინო. ჩვეულებრივად გუნდში ვარ და ვემზადები ახალი სეზონისთვის, რომელიც 22 ში იწყება. ყველაფერი კარგადაა და გეგმის მიხედვით მიდის," - ამბობს ლევან კუტალია, რომელმაც გასულ სეზონში, „სექცია ნეს-ციონისის" მაისურით 10 გოლი გაიტანა და გუნდის ზედა ლიგაში ამოსასვლელად გადამწყვეტი როლიც შეასრულა.
ამასთან, ქართველი ფეხბურთელი, უკვე საქართველოში მედიის წარმომადგენლებს, ინფორმაციის ატაცებამდე და მათ გამოქვეყნებამდე, გადამოწმებას ურჩევს. ისრაელის ერთ-ერთი გამოცემის მტკიცებით, ქართველ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა - მას, "ლიგა ლეუმიტის" (პირველი ლიგა) გუნდებში იწვევენ და ქართველის ტრანსფერით, თურმე, დაინტერესებულნი „ბნეი იეჰუდა", რამათ-განის „ჰაპოელი" და „კაფრ ქასიმი" ყოფილანო.
„აქ მედიამ ატეხა ჭორები მოსწონთ აქ ყველაფერს წერენ ისე კი იყო დაინტერესება მაგრამ მე არსად არ ვაპირებ წასვლას ამ სეზონის ბოლომდე", - ამბობს ლევან კუტალია, რომელმაც შვებულება საქართველოში, ოჯახთან ერთად გაატარა. ერთი პერიოდი ფორმის შესანარჩუნებლად, თბილისში, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზეც ივარჯიშა და შემდეგ, ისრაელში გაემგზავრა. ფეხბურთელი, თვის ბოლოს ისრაელში ოჯახის წევრებსაც ჩაიყვანს, სადაც ლევანის ორ შვილს სასწავლო პროცესი და მეგობრები ელიან.





ჩვენ








