„ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა
„ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა
21.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" გატანილი გოლების გარეშე გამოეთიშა. ამასთან, ლანჩხუთელებმა საკუთარ კარში 7 ბურთი მიიღეს. აქედან ორი, დღევანდელ, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, ჯგუფური ეტაპის მასპინძლ „სპლიტთან" შეხვედრისას მიიღეს.

გიორგი ჩხაიძის გუნდს, რომელსაც, 1/2 ფინალურ შეხვდრაში ორი ფეხბურთელი გაუძევეს, დღეს, დიდი არჩევანი არ ჰქონდა. აკლდა გუნდის ორი ლიდერი - თეონა ბაქრაძე და ეთერ სულაშვილი. ამასთან, მოკლე სათადარიგო სკამზე განაცხადში მხოლოდ 5 ფეხბურთელი, აქედან ორი მეკარე ჰყავდა შეყვანილი.


შეხვედრა, მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. ხორვატები, მთელი თამაში ბურთის კონტროლსაც ახერხებდნენ და კარის მიმართულებით დარტყმებსაც. მაგალითად, პირველ გოლამდე, ქართული გუნდის მეკარეს თათია გაბუნიას, თამაშში ჩართვა 6-ჯერ მოუხდა, მაშინ როცა, „ლანჩხუთს", მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით დარტყმულიც კი, არ ჰქონდათ. გოლი კი 36-ე წუთზე, 11-მეტრიანით, აიდა ჰაჯიჩმა გაიტანა, რომელმაც, ამ დარტყმამდე, გაბუნიას, რამდენჯერმე მოუსინჯა კბილი. მეორე ტაიმში, ხორვატებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს, დაბანაკდნენ ქართველთა საჯარიმოზე და ელოდებოდნენ შანს, რომელიც, შეცვლაზე შემოსულმა პეტრა მიკულიცამ, 67-ე წუთზე გაიტანა. საერთო ჯამში, ქართულ გუნდს, მეტოქის კარის შეტევის მხოლოდ 4 მცდელობა ჰქონდა, აქედან მხოლოდ, ერთხელ, ხატია ჭყონიამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლი კარის ჩარჩოში დარტყმა. „სპლიტმა" 0-2 გაიმარჯვა, თუმცა, ისიც, როგორც „ლანჩხუთი", ამ წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.


თუ ვინ გააგრძელებს, ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე თამაშს, ეს, ვარაზდინში, უკრაინულ „ვორსკლა - ხარკოვი 2-სა" და ყაზახური „ბიიკ კაზიგიურტის" დაპირისპირებაში, თბილისის დროით, 20:00-დან გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ყაზახურმა გუნდმა, 1/2 ფინალში, სწორედ „სპლიტი" დაამარცხა, 5-1. იმ შეხვედრაში კი, ერთ-ერთი გოლის ავტორი საქართველოსა და ყაზახეთის რამდენიმე გზის საუკეთესო ფეხბურთელი, ქართველი გულნარა (კესო) გაბელია იყო.