კლასიკებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
კლასიკებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
21.08.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი


სოფიაში გამართულ 20-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლბმა -  ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალში იასპარეზეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემპიონობა ვერ შეძლეს.


ბროლაძე პირველ შეხვედრაში 9-1 დაამარცხა იაპონელი რიომა ტოიოტა. მერვედფინალში წმინდად 11-0 მოუგო ხორვატ ლუკა ივანჩიჩს, მეოთხედფინალში ასევე აშკარა უპირატესობით - 8-0 დაამარცხა ფინელი ნესტორ მანილა, ნახევარფინალში კი ქულებით - 9-3 აჯობა ირანელ სეიედ სოჰრაბის და ფინალში ბრძოლის უფლებაც მოიპოვა.


გადამწყვეტ შეხვედრაში ბროლაძე აზერბაიჯანელ ქენან აბდულაზადეს დაუპირისპირდა, მაგრამ 1-4 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.


აჩიკო ბოლქვაძე ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. აშკარა უპირატესობით - 9-0 დაამარცხა ჩეხი მარეკ ვრბა, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით მოუგო ინდოელ როჰიტ დაჰიას. ნახევარფინალში 5-1 გაუმკლავდა უკრაინელ რუსლან აბდიევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანის შეხვდა, მაგრამ წარმატებას ვეღარ მიაღწია, 1-9 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.


შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.