ვიდრე ნაკრები შეიკრიბება
ვიდრე ნაკრები შეიკრიბება
22.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ბოლო თამაშებისთვის სავარაუდოდ 18-19 სექტემბრიდან შეიკრიბება და მიმდინარე გათამაშების ორ დარჩენილ შეხვედრას გამართავს - 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიასთან და 26 სექტემბერს გიბრალტარში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. სანაკრებო შეკრებამდე, ქართველი ფეხბურთელების თამაშებს აკვირდება როგორც მედია, ასევე საფეხბურთო საზოგადოება. ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ნაკრების პოტენციური წევრები, გამომდინარე იქიდან, რომ სათამაშო დრო ყველას მეტ-ნაკლებად ეძლევა, სექტემბრის ბოლოს, სტაბილურად კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. თუმცა, ამჯერად, სფფ-ს სოციალური ქსელი ხუთ მათგანზე ამახვილებს ყურადღებას.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ეროვნული ნაკრების წევრმა „ნაპოლის" მაისურით ორ ტურში 138 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. აქედან ხვიჩამ „დიეგო მარადონას სახელობის" სტადიონზე, სადებიუტო შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა და შემდეგ დუბლიც მიითვალა.


იმავე იტალიის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთი ქართველს. ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს" მაისურით, რომში, „რომას" წინააღმდეგ  ითამაშა. ლოჩოშვილმა სასატრატო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე, 84 წუთი დაჰყო. თამაშის მანძილზე ის დიბალას, ძანიოლისა და პელეგრინის ეფექტურად  მეურვეობდა. თავი ორი მომენტში განსაკუთრებით დაგავმახსოვრა და ამას გარდა, გოლის გატანაც შეეძლო შორეული დარტყმის შემდეგ.


უეფა-ს კონფერენს ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში უნგრულმა „ფეჰერვარმა" სტუმრად „კიოლნი" დაამარცხა, სტუმართაგან პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამასთან ბუდუს, მიმდინარე გათამაშებაში, 5 გოლი აქვს უკვე გატანილი.


საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცის" მეტოქე „ლავალი" იყო. ამ შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორი" საკუთარ მოედანზე „გაზიანთეფს" დაუპირისპირდა. ამჯერად , საბამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა.