„სამეგრელომ“ ტურის ცენტრალური შეხვედრა მოიგო
„სამეგრელომ“ ტურის ცენტრალური შეხვედრა მოიგო
25.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ჩხოროწყუში, ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონის მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა „სამეგრელლომ",  ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა და ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში 2-0 გაიმარჯვა.

ამ შეხევდრაში გოლები, პირველ ტაიმში გავიდა. 31-ე წუთზე მაიკო ბებიამ აიღო თათია გაბუნიას კარი. მე-40 წუთზე კი, ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.  თამაშის დაძაბულ ხასიათზე კი, მსაჯის მიერ ნაჩვენები 6 ყვითელი ბარათიც მეტყველებს.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, 3 ტურია დარჩენილი. ამის შემდეგ, სატურნირო ცხრილის 1-4 ადგილზე გასული გუნდები, უშუალოდ წლის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებენ ასპარეზობას. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს „სამეგრელო" 31 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ლანჩხუთი" 26 ქულით, მესამეზე  სოხუმის „დინამო" 22 ქულით და მეოთხე ადგილზე ხობის „კოლხეთი" 17 ქულით.


ქალთა ლიგის მომდევნო მე-12 ტური 3 სექტემბერს არის დაგეგმილი. მანამდე კი, გათამაშებაში სანაკრებო შესვენება ცხადდება.



ქსკ "სამეგრელოს" ფოტო