„მაღლივთან“ ტემპერატურა ნიშნულ ზღვარს ასცილდა - ევრობასკეტის ცხელება დაიწყო
„მაღლივთან“ ტემპერატურა ნიშნულ ზღვარს ასცილდა - ევრობასკეტის ცხელება დაიწყო
31.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე დღეს საღამოს, რიყეზე, ევრობასკეტი 2022-ის ფან-ზონა ოფიციალურად გაიხსნება, „თბილისი არენაზე" ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ფიბა-ს ოფიციალირი ცნობით, ევრობასკეტის თბილისური ჯგუფის თამაშებზე აკრედიტებილია 150 დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთა წარმომადგენლებიც „ა ჯგუფში" მონაწილეობენ. ბუნებრივია, ამ სათვალავში არ არიან მაუწყებლები, მედიის ის ნაწილი, რომელსაც მატჩების ტრანსლირების ოფიციალური უფლება აქვს.

„თბილისი არენაზე" კი, გუნდები ერთი მეორეს მიყოლებით ვარჯიშობენ და მატჩისწინა დღეს მედიას ხვდებიან. ამ მომენტისტვის მთავარ არენაზე, მონტენეგროს ნაკრები ხურდება. მანამდე კი, ბულგარეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა ივარჯიშეს. ბუნებრივია, ესპანეთის ნაკრები, თბილისური ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში თაობების ცვლაა, ბევრი ესპანელთა სამწვრთნელო შტაბის სხვა, ადრინდელისგან განსხვავებულ გამოწვევებზე მიანიშნებს.


„12 მოთამაშიდან მნიშვნელოვან ტურნირებში ბევრს არ უთამაშია, ამიტომ როგორ წარიმართება საქმეები უცნობია, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ გვიწევს ფიქრი. ველით, რომ ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები მოწყურებულები არიან, არიან მოტივირებულნი, რომ გამოიყენონ ეს ასპარეზი, რათა დავანახოთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა. ინდივიდუალურად ბრძოლა ყველას შეუძლია და დროთა განმავლობაში მოუმატებენ. ვეცდებით გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და მინიმუმამდე დავიყვანოთ სისუსტეები. თუმცა, ისევე როგორც ამას გააკეთებს ყველა სხვა ნაკრები", - ამბობს სერხიო სკარიოლი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც წინა ჩამოსვლაზე, „თბილისი არენაზე" საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა.



ის, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის ისეთი მრისხანე, როგორც ადრე იყო, სკარიოლის დიდად არ ადარდებს. უფრო მეტიც, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ის თვლის, რომ ეს შესაძლოა უკეთესიც იყოს, რადგან მოთამაშეებს ნაკლები ტვირთი დააწვებათ მხრებზე.


ის რომ გუნდი მზადაა ბრძოლოსთვის, ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, რუდი ფერნანდესმაც დაადასტურა. „მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ვართ, ახლა სხვა შეჯიბრია და სხვა გამოწვევა. არიან მოთამაშეები ვისაც არ აქვს გამოცდილება. სულ 5 მოთამაშეა ვისაც ევრობასკეტი აქვს ნათამაშები. მაგრამ ესპანეთი ყოველთვის იბრძვის მედლებისთვის. თუმცა, ახლა ამოცანაა - იბრძოლო ყველა თამაშში. შემდეგ თამაში საქართველოსთან არის., ჩვენ უნდა მოვუმატოთ მენტალირად თამაშიდან თამაშამდე", - ამბობს ესპანელთა კაპიტანი.


პირველი თამაში, კი ესპანეთის ნაკრებს ბულგარეთთან აქვს, რომელიც ხვალ, „თბილისი არენაზე" 15:30 წუთიდან დაიწყება.


დღეს კი, ამ დარბაზში, თურქეთის, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებები ივარჯიშებენ.