
„თსუ-ჰიუნდაიმ" „ტიტებს" "ა" ლიგის ფინალური სერია მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა. ახლა უკვე „ტიტებს" მოუწევს „სოხუმთან" იმის გარკვევა, თუ მომავალი საკალათბურთო სეზონიდან, ვინ სუპერლიგაში ითამაშებს და ვის, „ა" ლიგაში ასპაეზობა. სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის თამაშების დასრულებამდე კი, სულ ცოტა დრო რჩება. გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მიმოხილვას.
„მარნეული" - „დინამო" 67-90
დღეს სუპერლიგაში 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 1 ქუთაისში გაიმართება, თბილისური მატჩი კი დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში მარნეულის "დელტამ"დინამო თბილისს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად - 90-67 დაამარცხა.
ქვემოქართლური გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. "დელტამ" დღეს თემურ კანკიას გარეშე ითამაშა, რომლის ასისტენტის, ბექა ქარცივაძის განცხადებით, გუნდში გარკვეული სახის პრობლემებია. მთავარი მწვრთნელის გარდა მარნეულელებს დისკვალიფიცირებული ლევან ფაცაცია აკლიათ და ისეთი მებრძოლი ხასიათი ვერ გამოავლინეს, როგორც "დინამოსთან" წინა მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელებმა მოქმედ ჩემპიონს რეგულარული ჩემპიონატის წინა ორი მატჩი მოუგეს - 100-92 და 77-75.
დღევანდელ მატჩში თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელიც 18-18 დასრულდა. მეორე მეოთხედი დინამოელებმა 27-13 მოიგეს, 14 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. საბოლოოდ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა "დინამომ" 90-67 იმარჯვა და და მეორე ადგილზე გამაგრდა. თბილისელებს 20 ქულით და 9 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო ლაველ ბოიდმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. "მარნეულში" 21 ქულითა და 9 მოხსნით დაუკეთესო იყო არტიომ შვეცი, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ზვიად ანთაძემ.
"დინამოს" რეგულარულ ჩემპიონატში 1 მატჩი დარჩა - "ბათუმთან". "მარნეული" კი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 30 აპრილს ტყიბულში - "ქუთაისთან" ითამაშებს.
მატჩის სტატისტიკა
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია , "დინამოს" მთავარი მწვრთნელი: „რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი შეხვედრების მოგება. წინ პლეიოფის მატჩები გველოდება და მთავარია შესაბამის მზადყოფნაში ვიყოთ, რათა გავაგრძელოთ წარმატებული ასპარეზობა".
ბექა ქარცივაძე, "მარნეულის" მწვრთნელი: „თავიდან მეტოქეს გავუწიეთ წინააღმდეგობა, თუმცა შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ტემპის შენარჩუნება. გუნდში გარკვეული პრობლემებია - რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, არ გვყავდა ასევე მთავარი მწვრთნელი. "დინამო" საკმაოდ ძლიერი გუნდია და მოგების შანსი არ დაგვიტოვა. ჩვენი მიზანია, სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ".
***
„ქუთაისი" - „ოლიმპი" 86-67
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსანი ცნობილია. "ქუთაისმა" დღეს თბილისის "ოლიმპს" უმასპინძლა, 86-67 დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი გაინაღდა. იმერულმა კლუბს ოლიმპელთა ძლევის შემდეგ 22 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და დარჩენილ 1 შეხვედრაში ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, პირველ ადგილს დაიკავებს. (იხილეთ- სატურნირო ვითარება). თეორიულად, ქუთაისელთა დაწევა მხოლოდ "კაკტუსს" შეუძლია, თუმცა მხოლოდ ქულებით. იმერულმა კლუბმა ბოლო ტურში რომ წააგოს და კაკტუსელებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა მოიგონ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ქუთაისს" მიენიჭება, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის 4 მატჩიდან კაკტუსელებს 3 მოუგო.
ქუთაისელებს მთლიანობაში გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა - ათწუთეული მასპინძლებმა 21-17 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან კი იმერულმა გუნდმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა და ათწუთეულის 20-11 მოგებით დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდის საწყის წუთებზე მასპინძელთა უპირატესობამ 19 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც ვითარება აღარ შეცვლილა. ქუთაისელებმა მოპოვებული ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს და საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.
"ქუთაისის" შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო გახდა ჯონათან ლი. 14 ქულითა და 9 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 11 ქულა დაგროვდა დეჟუან რაიტის ანგარიშზე. "ოლიმპში" 14 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა. მორის ჰილმა 13 ქულა დააგროვა, ხოლო გეგი ბაქრაძემ ოლიმპელებს 10 ქულა შესძინა.
"ქუთაისი" რეგულარულის ბოლო მატჩს 30 აპრილს, "მარნეულთან", ტყიბულის სპორტის სასახლეში გამართავს.
მატჩის სტატისტიკა
***
ტიტები - თსუ-ჰიუნდაი 60-68 / სერია მოიგო თსუ-ჰიუნდაიმ - 3-1
"თსუ-ჰიუნდაი" სუპერლიგის საგზურის მფლობელია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში 68-60 დაამარცხა "ტიტები" და "ა" ლიგის გამარჯვებული გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" გაერთიანებულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
ფინალში დამარცხებულ "ტიტებს" სუპერლიგაში გადასვლის შანსი რჩება. დავით უსტიაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდება. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება და მატჩები 3 და 5 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება"ა" ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ვერც ერთი გუნდი სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდა, სანამ ბოლო წუთებზე მჭიდრო დაცვისა და შედეგიანი კონტრშეტევების შემდეგ "თსუ-ჰიუნდაიმ" ხელჩასაჭიდი ლიდერობა არ მოიპოვა. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში სუპერლიგის საგზურის მომავალმა მფლობელებმა დამაჯერებლად, უშეცდომოდ ითამაშეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით - 68-60 გაიმარჯვეს.
"თსუ-ჰიუნდაიში" 24 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სტანოიე კნეჟევიჩი. 18 ქულა მოაგროვა სანდრო სანაძემ, ხოლო დენიელ უილიამსის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გამარჯვებაში 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 ქულით სოლიდური წილი დაიდო კრისტოფერ ანდერსონმა. "ტიტებში" 19 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო რაშად რენსომი, ანტუან სპეისმა 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბესო ლეჟავას ანგარიშზე 10 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
"თსუ-ჰიუნდაის" წევრები სუპერლიგაში გადასვლის ნიშნად სპეციალური მედალიონებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გამგეობის წევრმა, ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდისთვის განკუთვნილი "ა" ლიგის საჩემპიონო დაფა თსუ-ჰიუნდაელთა კაპიტანს, დავით აფხაზავას გადაეცა.
მატჩის სტატისტიკა
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი: „დღეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მოწინააღმდეგე გუნდში ბევრად გამოცდილი მოთამაშეები თამაშობდნენ, ლეჟავა წლების მანძილზე ნაკრების წევრი იყო, შესაბამისად მის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მიუხედავად ყველაფრისა, საბედნიეროდ, მოვახერხეთ გამარჯვება."
სანდრო სანაძე: „საკმაოდ დაძაბული სერიები გამოვიდა. ანგარიშით 3-1 გავიმარჯვეთ, მესამე თამაში, ალბათ, იმის გამო წავაგეთ, რომ სათანადო მონდომებითა და ენერგიით არ მივუდექით, მაგრამ, ვფიქრობ, მეოთხე თამაშისთვის ყველაფერი გამოვასწორეთ და მივაღწიეთ ჩვენს საწადელს."





ჩვენ








