Let’s go Georgia, let’s go to qualify the next round - ილიას ზუროსი გუნდს და საქართველოს
Let’s go Georgia, let’s go to qualify the next round - ილიას ზუროსი გუნდს და საქართველოს
31.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრები დღეს, „თბილისი არენაზე" 19:20 საათიდან ივარჯიშებს. ისევე, როგორც ევრობასკეტი 2022-ის მონაწილე ყველა სხვა გუნდს, საქართველოს ნაკრებსაც MD1-ის დროს, თბილისური ჯგუფის მთავარ არენაზე საათნახევარი დაეთმობა. მანამდე კი, ქართული და საერთაშორისო მედიის კითხვებს ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა უპასუხეს, რომელიც თორნიკე შენგელიას არყოფნაში, კაპიტნობას ჩაიბარებს.

„მოხარულები ვართ, რომ თბილისში ახალ დარბაზში ამ რანგის ღონისძიების ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ. ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და  მოიმდევნო ეტაპზე გავიდეთ. გავემგზავროთ ბერლინში. ყველას ვუსურვებ იღბალს. მოთამაშეებს ჯანმრთელობას, რამეთუ  რამდენიმე დღის წინ, ჩვენ არ გაგვიმართლა და დაგვაკლდა კაპიტანი", - ამბობს ილიას ზუროსი და დასძენს, რომ ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში, საქართველოს ნაკრების ყველა გათვლა, სწორედ, შენგელიაზე კეთდებოდა, თუმცა, ახლა გუნდს მის გარეშე უწევს თამაში, შესაბამისად - გადაწყობაც.  „ის იყო პროდუქტიული, ეხმარებოდა ყველას. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ. ახლა, შერმადინსა და ცინცაძეს, გუნდის ყველაზე გამოცდილ მოთამაშეებს მოუწევთ, მიაწვნენ გუნდს. ისინი ბევრს მუშაობენ. ეხმარებიან ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება გამართვა, გვჭირდება ახალი გეგმით მუშაობა და როგორც წინა თამაშებში ნახეთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ.  იმედი მაქვს, რომ მომავალ თამაშებში მოვახერხებთ, ამ ახალი გარემოებების დახვეწას. გოგა ბითაძემ ჩვენთან ერთად არც თუ დიდი დრო გაატარა. მას გემახსოვრებათ, მცირე ტრავმა ჰქონდა და ახლა მოხარული ვართ, რომ ჩვენს გვერდით არის. ის აკეთებს ყველაფერს, რომ იყოს აქ და დაეხმაროს გუნდს. ჩვენ ვთამაშობთ გუნდი, უნდა ვითამაშოთ როგორც გუნდმა შეტევაშიც და დაცვაშიც. კმაყოფილი ვარ, რისი გაკეთებაც იტალიასთან მოვახერხეთ, თუმცა, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ასე უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ".


ზუროსმა ყურადღება გაამახვილა, რომ გუნდს, 7 დღეში 5 მატჩის გამართვა მოუწევს, ასე, რომ მის ყველა მოთამაშეს ექნება თამაშის შესაძლებლობა. საქართველოს ნაკრების თავკაცი თვლის, რომ თბილისის ჯგუფში ყველა გუნდი ძლიერი და შესაბამისად, ყველას შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.  მათ შორის არის ბელგიის ნაკრები, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. „ცნობილია, რომ ყველა გუნდისთვის გახსნითი თამაში რთულია. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ჩვენი ტაქტიკა ამ თამაშში. ჩვენ უნდა დავაკორექტიროთ რიგი მომენტები, უნდა ვიმუშაოთ სწორი როტაციით", - დასძენს ზუროსი.


სავსე დაბრბაზს ელოდება, ევრობასკეტის სასტარტო შეხვედრაში გიორგი შერმადინი. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი უპირობო ლიდერის თქმით, წლების მანძილზე, როცა მის გუნდს ევრობასკეტზე უწევდა ასპარეზობა, ქართველ ქომაგთა მხოლოდ, ნაწილი ახერხებდა თამაშებს დასწრებოდა. ახლა კი, ეს ყველაფერი მის ქვეყანაში ხდება და ეს, როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე ქომაგებისთვის სტიმულის მიმცემია.


„დიდებული გრძნობაა, რადგან ჩვენ სახლში ვართ, თბილისში.  ეს ჩვენი დარბაზია. ევრობასკეტს ჩვენ დიდი ხანია ველოდით, ამისთვის ბევრი ვივარჯიშეთ. ხვალ კი, ამას ყველაფერს ვიწყებთ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ, შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ და წავალთ გერმანიაში. ვისურვებდი, რომ ყველა იყოს ჯანმრთელად და კარგი მატჩები ჩაგვეტარებინოს", - ამბობს გიორგი შერმადინი.


შეგახსენებთ, რომ ხვალ ევრობასკეტი 2022-ის გახსნით შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ „თბილისი არენაზე" 21:00 საათიდან ჩაატარებს.