ქალთა ეროვნულმა მსოფლიოს შესარჩევში გამოსვლა დაასრულა
ქალთა ეროვნულმა მსოფლიოს შესარჩევში გამოსვლა დაასრულა
01.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი შესარჩები ციკლი მოგებული თამაშის გარეშე დაასრულა. ამჯერად, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ჩვენი გოგონები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სლოვაკებთან ანგარიშით 0-4 დამარცხნენ.

ანგარიში ამ შეხვედრაში სწრაფი გოლით, პირველივე წუთზე გაიხსნა და მეოცე წუთისთვის, სტუმრები უკვე 0-2-ს იგებდნენ. თამაში ძირითადად მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა და არც ერთ გუნდს, რეალურად კარისკენ დარტმით თავი არ შეუწუხებია. ჩვენებს მხოლოდ 3 მცდელობა ჰქონდათ, სლოვაკებს 10. თუმცა, სტუმრებმა, თათია გაბუნია საქმეში რეალურად 6-ჯერ ჩართეს და აქედან, ოთხჯერ მისი კარის აღება მოახერხეს. სლოვაკებმა, ბოლო ორი გოლი, 63-ე და 79-ე წუთებზე გაიტანეს.


ჩვენს ნაკრებს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო აკლდა. მათგან ერთმა კი, დღეს, საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ნინო სუთიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 66 შეხვედრა აქვს ჩატარებული დღეს, თანაგუდელებმა ოფიციალურად გააცილეს. საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კი, „სუთოს" 17-ნომრიანი მაისური მადლობის ნიშნად გადასცა.




სფფ-ს ფოტოები