ფიბა-ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა
ფიბა-ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა
06.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიბა-ევროპამ  არ დააკმაყოფილა თურქეთის ფედერაციის პროტესტი გუშინ, ევრობასკეტი 2022-ზე, ა ჯგუფის მესამე სათამაშო დღის ბოლო შეხვედრისას მომხდარი რამდენიმე ინციდენტის გამო, შეტანილი საჩივრის ერთი ნაწილი. ხოლო, მეორე საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „ორივე ფედერაციის ურთიერთბრალდებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუნდების ზონაში, ორივე გუნდის მოთამაშეთა და დელეგაციის წევრთა ქმედებებიდან გამომდინარე, ფიბა აგრძელებს გამოძიებას. ამ გამოძიების დასრულების შემდეგ, ფიბა-ს კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას დისციპლინარული სასჯელის თაობაზე".


შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩისას, შეხვედრის მეოთხე პერიოდში, სათამაშო სიტუაციას მოჰყვა შეტევაში მყოფი თურქი კალათბურთელის ფურქან ქორქმაზისა და დუდა სანაძის შორის შელაპარაკება, რომელიც მცირე შეხლა შემოხლაში გადაიზარდა. მსაჯებმა ორივე მოთამაშის გაძევება გადაწყვიტეს და უკვე ნატელი იყო, რომ მათ დისციპლინარული სასჯელი არ ასცდებოდათ. თუმცა, მოგვიანებით ვითარება დაიძაბა გუნდების გასახდელებთან. თურქები აცხადებდნენ, რომ მათ თავს სამი ქართველი კალათბურთელი, დუდა სანაძე, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია დაესხნენ და ითხოვდნენ მომხდარზე რეაგირებას. დღეს, დღის ბოლოსთვის თორნიკე შენგელიამ, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:


„გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინცინდენტის თავიდან არიდება , თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.  როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მითუმეტეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე. გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად. თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით", - წერს შენგელია.



აქვე, ჩვენის მხრივ ვიტვით, რომ ანალოგიურად შეურაცხყოფა და ჟესტიკულაცია არც ქართველ ქომაგს და ტურნირზე მომუშავე აკრედიტებული სტაფის ნაწილს არ მოუკლია თურქეთის ნაკრების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ინციდენტის დროს დარბაზში, საკუთარი გუნდის უკან ისხდნენ. სწორედ, იმ დროს, როდესაც მეზობელი ქვეყნის კალათბურთელები, ცდილობდნენ ქართველი გულშემატკივრის მიერ, ტრიბუნებიდან ნასროლი წყლით და ლუდით სავსე ქაღალდის ჭიქებისგან სათამაშო მოედანი გაეთავისუფლებინათ და აემშრალებინათ. პირადად ჩვენი მოსაზრებით, დამნაშავე ორივე მხარე იყო, ვინაიდან, ორივემ დაარღვია ფაირფლეის წესები და სპორტსმენის ვალდებულება, პატივი სცეს ტურნირს, საკუთარ გუნდსა და პირველ რიგში დარბაზში მყოფ გულშემატკივარს.




აღნიშნული ინციდენტის დროს, მოხდა კიდევ ერთი არასასურველი ფაქტი, რომელიც პირდაპირი რეპორტაჟის მსვლელობისას ვიდეოკადრებშიც არის ასახული - მაშინ, როდესაც შეხვედრა შეწყდა და ეს იყო მე-4 პერიოდის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე, მოულოდნელად, საათმა დაიწყო ათვლა და მხოლოდ, 22 წამის შემდეგ გაჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ, ფიბა-ევროპაში შეტანილ ოფიციალურ პროტესტ მოითხოვა აღნიშნული გარემოების განხილვა და მოკლებული 22 წამოს გამო, შედეგის ანულირება, გადათამაშება, ან კონკრეტული დროიდან მატჩის გაგრძეოება. სწორედ ეს საჩაივარი უარყო  ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა.




„იმისდა მიუხედავად, რომ შეცდომა იყო დროის ათვლისას, შეხვედრის მე-4 პერიოდში, TBF-მ (თურქეთის კალათბურთის ფედერაცია) ვერ მოახერხა, თავის პროტესტში დაესაბუთებინა, რომ ოფიციალური საკალათბურთო წესების შესაბამისად, რომ არა ეს შეცდომა დროის ათვლაში, მოახერხებდა რეალურად სხვა შედეგის ჩვენებას. შესაბამისად, TBF-ს პროტესტი, რომელიც შედეგს აპროტესტებდა , უარყოფილი იქნა",  - ნათქვამია განცხადებაში.


იხილეთ ფიბა-ს ოფიციალური განცხადება.


საქართველოს ნაკრებმა შეგახსენებთ, რომ ძალიან დაძაბულ, საინტერესო და დრამატულ თამაშში, ორი ოვერტაიმის შემდეგ, მოახერხა თურქეთის ნაკრების დამარცხება 83-88 და მიმდინარე ევრობასკეტზე პირველი თამაშის მოგება.


მატჩის ფოტო-ამბავი


დამატებით, რისი გარკვევაც კულუარულად მოვახერხეთ. ამჯერად, ფიბა ევროპის პრეზიდენტი თურქეთის მოქალაქე თურგაი დემირელია. ის პირველი ვადით, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. ახლა კი, მეორე ვადით ხელმძრვანელობს აღნიშნულ ორგანიზაციას. საქმე კი, ისაა, რომ დემირელსა და თურქეთის კალათბურთის მოქმედ ფედერაციას არც თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, ერგინ ათამანისა და თურქთა სამწვრთნელო შტაბის გაცხადება, რობ ფიბა „მოძველებული" ორგანიზაციაა, სწორედ ამ გარემოებას უნდა უკავშირდებოდეს. ამას გარდა, ჩვენთვის ცნობლი გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი, ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყანა იყო, მას ვალდებულებაში, გარკვეული რაოდენობის ბილეთების (კერძოდ 1500 ცალი ბილეთი) შეძენა ჰქონდა. თუმცა, პარტნიორმა მხარემ, ეს დეტალი არ შეასრულა - შესაბამისად, თურქეთის თამაშებისას გულშემატკივრის სიმცირე (არადა საქართველოში, ეს ნაკრები ნამდვილად მოაგროვებდა 1500 თუ არა, 1000 ქომაგს მაინც), ისევ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. რა დასამალია და  მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევრობასკეტის თბილისური ჯგუფის პარტნიორი ქვეყნის შესახებ, პირადად ჩვენ, თბილისში, თურქი ქომაგების საკმაოდ ხმაურიან და ტრადიციულ მსვლელობებსაც კი, ველოდით...




ისე, ათამანის ბევრი კომენტარი, ქართულ მედიაშიც არ ითარგნმა ზუსტი ინტერპრეტაციით, მაგალითად საკვებთან დაკავშირებით, რომელიც ვითომდა არ ჰყოფნით კალათბურთელებს და „მშივრები არიანო",  აქ, რეალურად თურქთა თავკაცი იძახის, რომ „At the hotel, there is no special food for the athletes. Okay, that's fine, but FIBA must protect the players in the game", რაც ქართულ თარგმანში ასე ჟღერს:  „სასტუმროში არ არის განსაკუთრებული კვება სპორტსმენებისთვის. კეთილი, ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ფიბა-მ უნდა დაიცვას მოთამაშეები თამაშის დროს"-ო. ისე, საკვებით უცხოეთში კი არა, აქ, ადგილზე, ძალიან ხშირად, ქართული გუნდებიც კი, არ არიან ხოლმე კმაყოფილი. ეს ისე, მცირე გადახვევა.


და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022-ზე „ა ჯგუფში", ორი საასპარეზო დღე არის დარჩენილი. შესაბამისად, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებსაც 2-2 შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი. საქართველოს, ბულგარეთთან და მონტენეგროსთან აქვს მატჩები გასამართი, თურქებს კი, ცოტა უფრო რთული განრიგი აქვთ, ჯერ ბელგიასთან აქვთ სათამაშო, რომელმაც გუშინ ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი, ესპანეთთან. ასე, რომ ვინ წავა ბერლინში, დიდი ალბათობით, ჯგუფის ბოლო მატჩის საფინალო სირენამდე არ გაირკვევა.