ვინ იქნება შემდეგი - ევრობასკეტს ფავორიტი გუნდები ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ
ვინ იქნება შემდეგი - ევრობასკეტს ფავორიტი გუნდები ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ
15.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ევრობასკეტის დაწყებამდე, ფიბა ევროპამ ტურნიზე აკრედიტებულ მედიას გამოკითხვაში მონაწილეობა სთხოვა. ევროპული საკალათბურთო სახლის მმართველ ორგანოში აინტერესებდათ ევრობასკეტის დაწყებამდე ვის მიიჩნევდა მედია ფავორიტად, ვინ იქნებოდა აღმოჩენა და ვინ შეიძლება ყოფილიყო ტურნირის „უიღბლო".


ალბათ, ქართველებისთვის, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, „უიღბლოთა" შორის, პირველ რიგში ჩვენი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოხვდა. თუმცა, არ მგონია, რომელიმე ჩემს კოლეგას, ჩვენი გუნდი „უიღბლოთა" სიაში ევრობასკეტის დაწყებამდე შეეყვანა, მაშინაც კი, როდესაც უკვე ვიცოდით, რომ თოკო შენგელია არ გვეყოლებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი წარუმატებლობა, საკუთარ თავს უფრო უნდა დავაბრალოთ ვიდრე, იღბალს.


შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის თამაშებიდან გამომდინარე, ორი მოულოდნელობა სწორედ, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ჯგუფში ჩარჩენა იყო. თუმცა, სიუპრიზები ევრობასკეტი 2022-ზე ამით არ დამთავრებულა და 1/8 ფინალიდან, იღბალმა საბერძნეთს, ლიეტუვას (მეტ-ნაკლებად მოწინააღმდეგიდან გამომდინარე), თურქეთსა (ლიეტუვას მსგავსად) და სერბეთს (90% სწორედ მათ მიიჩნევდნენ ევროპის ჩემპიონებად) დრამატულ მატჩებში არ გაუღიმა.


უიღბლობის ტენდენცია გაგრძელდა ¼ ფინალის დროსაც 13 და 14 სექტემბერს, როდესაც გათამაშებას ჯერ საბერძნეთი გამოეთიშა - დამარცხდა ტურნირის მასპინძელ გერმანიასთან 107-96. მოგვიანებით კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სლოვენია პოლონეთთან 3 ქულით 87-90 დამარცხდა... საფრანგეთი, მერვედფინალის მსგავსად, ცივი გონებით ეთამაშა „ფეთქებად" ხასიათიან იტალიას ბოლო მეოთხედში და ისევე, როგორც თურქებთან მატჩში, საწადელს მიაღწია, გაიმარჯვა 93-85. ალბათ, ერთადერთი შეხვედრა, სადაც ასე თუ ისე, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა ესპანეთისა და ფინეთის მატჩი იყო, სადაც სკარიოლოს გუნდმა 10 ქულით, 100-90 იმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


გამომდინარე იქიდან, რომ ევრობასკეტი 2022-ის ფინალური ეტაპის მასპინძელი გერმანიაა, მსაჯებაზე კი, მიმდინარე გათამაშებისას ბევრი კითხვის ნიშანი გაჩდნა, არ გამოვრიცხოთ, რომ 1/2 ფინალიდან ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთიც გამოაკლდეს, რომელსაც სექტემბრიდან დაწყებული დღემდე, მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჯგუფში, ბელგიასთან წაგებული. თუმცა, ისევე, როგორც გერმანიას. ერთი ნახევარფინალური წყვილი, სწორედ ესპანეთი-გერმანია არის. თამაში, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 დაიწყება.


ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება პირველი ფინალისტი საფრანგეთი, ან პოლონეთი. ეს უკანასკნელი, ჯგუფიდან მესამე ადილით მოხვდა ბერლინში და ჯერ უკრაინის საკმაოდ ძლიერი გუნდი, შემდეგ კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონები გამოთიშა ტურნირს. დაპირისპირება თბილისის დროით, 19:15 წუთზე დაიწყება.


ფოტო: @FIBA