ბერლინში, ევრობასკეტი ესპანეთისა და ძმები ერნანგომესების ტრიუმფით დასრულდა
ბერლინში, ევრობასკეტი ესპანეთისა და ძმები ერნანგომესების ტრიუმფით დასრულდა
19.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ერთი ძმა - ხუანჩო ერნანგომესი ფინალური მატჩის, მეორე ვილი ერნანგომესი კი, სრულიად ევრობასკეტი 2022-ის MVP მოთამაშეები ხდებიან. ამას გარდა, ვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულშიც შედის. მასთან ერთად, ამ ჩამონათვალში ესპანეთის ნაკრებიდან ბრაუნი, ასევე, ფრანგი რუდი გობერი, გერმანელი დენის შრიოდერი და ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო მოხვდნენ.


საკმაოდ საინტერესო, თუმცა, ნაკლებად დაძაბული ფინალური მატჩის შემდეგ კი, ბერლინში მერსედეს ბენც არენაზე ესპანეთის ნაკრებმა და სერჟიო სკარიოლომ 2009, 2011 და 2015 წლების შემდეგ, მეოთხედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა.


შესაძლოა ბევრს, ევრობასკეტის ფავორიტად ესპანეთი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, არ მიაჩნდა. ამასთან, თბილისურ ჯგუფში, ბელგიასთან მარცხმა, ბევრს ეს მოსაზრება გაუმყარა კიდეც. თუმცა, ბელგიასთან თამაშის გარდა, ესპანეთის ნაკრებმა, მთელი ჩემპიონატის მანძილზე თანმიმდევრული და კონკრეტულ შედეგზე გათვლილი ასპარეზობა შემოგვთავაზა. მას შემდეგ, კი რაც ევრობასკეტს ერთი მეორეს მიყოლებით, ტურნირის ფავორიტები, სერბეთი, სლოვენია, საბერძნეთი, თურქეთი გამოეთიშნენ, ესპანეთის წარმატებაზე, აშკარად დაიწყეს ფიქრი.


ფინალში, ესპანეთის ნაკრები, იმ საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელმაც გზიდან თურქეთისა და იტალიის საკმაოდ ძლიერი ნაკრებები ჩამოიშორა. აი, სკარიოლოს გუნდს, კი, ამ მატჩამდე საკმაოდ დიდი შრომის ფასად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, სტაბილური თამაშის წყალობით მოუხდა მისვლა. ფინალში კი, რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთლით, დამაჯერებლად აიღო თამაშის სათავეები ხელში. ერთი პერიოდი 21 ქულითაც კი, იყო წინ, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ 12 ქულიან სხვაობას დასჯერდა და მატჩი  88-76 მოიგო.




ფინალურ შეხვედრაში გაიბრწყინა ხუანჩო ერნანგომესმა, რომელაც, საბოლოოდ 27 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ 27 ქულაში, 7 ზუსტი 3-ქულიანია 9 მცდელობიდან. აქ, საინტერესო ის გარემოებაცაა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ხუანჩოს ანგარიშზე, უკვე 18 ქულა იყო, ყველა პერიმეტრიდან აღებული.  ამ შეხვედრაში მისმა ძმამ ვილი ერნანგომესს 14 ქულა დააგროვა 8 მოხსნასთან ერთად. 14 ქულა და 11 პასი  ლორენსო ბრაუნის, ხაიმე ფერნანდეს ანგარიშზე კი - 13 ქულა.  აქ, კიდევ ერთი კალათბურთელი გვინდა გამოვყოთ, რომელიც მთელი ჩემპიონატის მანძილზე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა, თუმცა, ფინალში, მის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულა იყო - უსმან გარუბაა.


და ბოლოს, საფრანგეთის ნაკრებში ფინალურ მატჩიშ ევან ფურნიე (23 ქულა), ტომას ერტელი (16 ქულა, 7 პასი) და გერშონ იაბუსელე (13 ქულა, 6 პასი) იყვნენ გამორჩეულები.


ფოტო: @FIBA