
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა თელ ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ (!) დაასრულა; ნაკრებმა, რომელიც უძლიერესი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა. 44 ქვეყანას შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა 27-ე ადგილი დაიკავა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უმედლიდ დარჩა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ქართული ძიუდოსთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. ახლა, ყველა ახსნა-განმარტებების მოლოდინში ვართ - როგორ და რითი ახსნის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ამ შედეგს... თუ უშედეგობას.
თელ ავივის ტატამი, დღე პირველი:
60 კგ წონითი კატეგორია - 2013 წლის ევროპის ჩემპიონი - ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. პაპინაშვილმა ასპარეზობა ბულგარელ და უნგრელ ძიუდოისტებთან მოგებით დაიწყო. თუმცა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს იაშუევთან წააგო და შემდეგ, ბრინჯაოს მედალიც რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ბესლან მუდრანოვმა წაართვა.
ამავე წონაში, ლუხუმ ჩხვიმიანი ტატამზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. ჩხვიმიანი პირველივე შეხვედრაში მუდრანოვს გადაეყარა და რუსმა პაპინაშვილამდე ჯერ ის ჩამოიცილა.
66 კგ წონითი კატეგორია - 2016 წლის ევროპის ჩემპიონის - ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანელ მიშელ ადამსთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა, ცხადი იყო, რომ ის ჩვეულ ფორმაში არ იყო.
თელ ავივის ტატამი, დღე მეორე:
ჩემპიონატის მეორე დღეს, გულშემატკივარს იმედის ნაპერწკალი ასპარეზობის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში ჩაუქრა, როცა ორივე ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას საწყისი ეტაპებიდან გამოეთიშა.
73 კგ წონითი კატეგორია - ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრაში გერმანელ იგორ ვანდტკესთან ვაზარით დამარცხდა.
81 კგ წონით კატეგორია - ნუგზარ ტატალაშვილმა პირველ წრეში მონტენეგროელი სრან მრვალიევიჩი იპონით დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე კი, თავად გახდა ბულგარელი ივაილო ივანოვის მსხვერპლი, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს დამატებით დროში ვაზარით აჯობა.
ორდღიანი იმედგაცრუების შემდეგ, გულშემატკივარი ბოლო დღეს განსაკუთრებულად ელოდა. თუმცა, მოლოდინი მოლოდინად დარჩა და საქართველო - უმედლოდ.
90 კგ წონითი კატეგორია - ბექა ღვინიაშვილმა პირველ წრეში ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივის ბარიერი იოლად - იპონით გადალახა. მასვე მიაყოლა ჩეხი ჟირი პეტრი, თუმცა, ამის შემდეგ რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოზე გადაერთო, სადაც რეპეშაჟში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდა და შეხვედრას ვაზარითაც იგებდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ზედიზედ ორი გდება გააკეთა და ღვინიაშვილიც დაემშვიდობა საპრიზო ადგილს.
ამავე წონაში, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო უშანგი მარგიანი, რომელმაც მძიმე და დამღლელ შეხვედრაში ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო ვაზარით დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე კი, ბერძენ თეოდოროს ცელიდისს ვერაფერი მოუხერხა.
100 კგ წონითი კატეგორია - ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მისგან მედალს ობიექტურად ველოდით. თუმცა, ლიპო შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი დამატებით დროში ბელარუს დანიელ მუკეტესთან დამარცხდა.
+100 კგ წონითი კატეგორია - ევროპის 2017 წლის ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი რომ სასურველი ფორმისგან შორს იყო, ეს თბილისის გრან პრიზეც კარგად გამოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა ბოლო იმედმა ასპარეზობა კარგად დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან ისლანდიელი თორმოდურ იონსონი და უკრაინელი ოლექსანდრ გორდიენკო. თუშიშვილის წინსვლა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრმა - ტამერლან ბაშაევმა შეაჩერა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, ჩვენი სპორტსმენი ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








