თურქეთი 1:0 საქართველო - ახალგაზრდულის მარცხი სტამბოლში
თურქეთი 1:0 საქართველო - ახალგაზრდულის მარცხი სტამბოლში
28.09.2022
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს, საერთაშორისო ახმანაგური მატჩი თურქი თანატოლების წინააღმდეგ გამართა და სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე მასპინძლებთან მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.


შეხვედრაში გამარჯვების გოლი, თურქეთმა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გაიტანა - თავი პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, ომერ ბეიაზიმ გამოიჩინა.


მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მეორე ტაიმი ჩვენი გუნდის აქტიური შეტევებით დაიწყო. ამას, 66-ე წუთზე ლუკა გაგნიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან ქაზიმჯან ქარათაშის გაძევებაც დაემატა.


სამწუხაროდ მეორე ტაიმში მოპოვებული სათამაშო უპირატესობა, ტაბლოზე ვერ აისახა და მატჩი მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა. განვლილი შეხვედრა, 21-წლამდელთა რიგებში სადებიუტო დინამო თბილისის მეკარის - ლუკა კუტალაძისთვის აღმოჩნდა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.


რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.


ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.


მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ - 2 მატჩი წავაგეთ. მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს.


გიორგი გაგუა (21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): "ეს შეკრება რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვიფიქროთ, მხოლოდ მომავალზე."



ფოტო: სფფ / თამუნა ყულუმბეგაშვილი