
93 წლისა გარდაიცვალა საქართველოს უხუცესი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი. 1952 წელს ჰელსინკში დავით ციმაკურიძის, რაფაელ ჩიმიშკიანის, მზია ჯუღელის ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აღზევებით დაიწყო ჩვენი სპორტსმენების უმაღლესი ოლიმპიური წარმატებების ათვლა. გარდა ამისა, ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანი ორ-ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ექვსგზის მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, ათჯერ დაეუფლა სსრ კავშირის უძლიერესი ძალოსნის სახელს, 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენის ღვაწლი ჯეროვნად იყო დაფასებული - მინიჭებული ჰქონდა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, იყო ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, სპორტის რაინდის წოდების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დასახელდა მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით.

სიყვარულით და პატივისცემით განათებული მისი ცხოვრება, მიღწევები და ადამიანებთან ურთიერთობა სამაგალითოდ მისაბაძი და სტიმულის მიმცემი იყო ახალგაზრდა თაობებისთვის. მიუხედავად ჭარმაგი ასაკისა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ გაუწყვეტია კავშირი ოლიმპიურ კომიტეტთან, უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ყველა მნიშვნელვან ღონისძიებაში, გვეხმიანებოდა ტელეფონით, არ გამორჩებოდა არც ერთი საიუბილეო თუ სადღესასწაულო თარიღი, ხარობდა ჩვენი სპორტსმენების წარმატებებით. ბუნებრივია, ჩვენც არ ვაკლებდით ყურადღებას და ამით ძალიან გახარებული იყო.
ნათელ ხსოვნად დარჩება რაფაელ ჩიმიშკიანის სახელი და ღვაწლი აწ და მარადის!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.





ჩვენ








