
ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყო. ლიგა ენდესას პირველ ტურში გიორგი შერმადინს არ უთამაშია. მას მცირე ტრავმა აწუხებს და "ტენერიფეს" მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, "მანრესასთან" პირველი ტურის გასვლითი შეხვედრა გამოტოვა. ტენერიფელებმა მატჩი დამაჯერებლად - 89:70 მოიგეს.
პირველ ტურში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა, რომლის "მურსიამაც" "რიო ბრეგანი" მიიღო და 70:89 დამარცხდა. მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18:29 წუთში 10 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მან 5 საშალო ტყორცნიდან 2 გამოიყენა. მურსიელთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ტრევის ტრაისს, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.
შემდეგ მატჩს მაკფადენის "მურსია" 1 ოქტომბერს, სტუმრად, "სარაგოსასთან" გამართავს, ხოლო შერმადინის "ტენერიფე" ამავე დღეს "ხირონას" უმასპინძებს.
***

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, რომელიც ძირითად გუნდშიც არაერთხელ მოხვედრილა, კარიერას რუმინეთის უმაღლეს ლიგაში აგრძელებს. ალექსანდრე ფევაძე კლუბ "ლაგუნა შარქზის ღირსებას იცავს და რუმინეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბუქარესტელები რუმინეთის ჩემპიონატის სასტარტო ტურში "ვოლუნტარის| ესტუმრნენ და 53:70 დამარცხდნენ. 24 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი - 31:31 წუთი ითამაშა. ფევაძემ 10 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
მან 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ფევაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ლაგუნა შარქსი მომდევნო ტურის მატჩში 8 ოქტომბერს ტიმიშოარას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ფევაძე რუმინეთში გადასვლამდე ესპანეთში გრან კანარია II-ის ღირსებას იცავდა, ევრობასკეტი 2022-ზე კი საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.





ჩვენ








