ამბავი აგორდა, ვაკო პირველ კომენტარს ავრცელებს
ამბავი აგორდა, ვაკო პირველ კომენტარს ავრცელებს
01.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების წევრებს, ევროპის ტერიტორიაზე, ფიზიკური გასწორებით ემუქრებიან. ამავე სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ადრესატი, ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი თვითმყოფადი და პატივსაცემი ფეხბურთელის ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა. მუქარის საბაბი კი, ვაკოს, თბილისში, ჩრდ. მაკედონიასის წინააღმდეგ სასტარტო განაცხადში არმოხვედრა და თამაშის ბოლომდე, სათადარიგო სკამზე დატოვებაა.

სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე წუთში ვაკო ყაზაიშვილმა, სოციალურ ქსელში, შემდეგი შინაარსის გამცხადება გამოაქვეყნა:


„პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს  ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. 


ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.


პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.


ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.


ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.


ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.


ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება", - წერს ყაზაიშვილი, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა 26 სექტემბერს, გიბრალტარში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. ვიქტორიას სტადიონზე, ვილი სანიოლიმ ვაკო, 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად გამოიყვანა.


აღნიშნული გასვლითი თამაშის დროს, ვაკო, ტრადიციულად გუნდთან ერთად იყო ჩართული აქტივობებში (თვითმფრინავით მგზავრობისას ტრადიციული „რა, სად, როდის" - თამაშში, საწვრთნელ პროცესსა თუ, გუნდის ცხოვრების სხვა მომენტებში, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხშირად არ არის სააშკარაოდ გამოტანილი).


ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა სამართლებრივი გაგრძელება აღნიშნულ სიუჟეტს - დაიწყება თუ არა გამოძიება. ასევე უცნობია, სფფ-ს ოფიციალური პასუხი ან ქმედება, მათ მიმართ გაჟღერებული მუქარის გამო.


აქვე, შეგასხენებთ, რომ 9 ოქტომბერს, უეფა-ში წილისყრაა დაგეგმილი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი და მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა უნდა გაირკვეს.