
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბელგიას 14 უპასუხო ლელო გაუტანეს, 86:0 დაამარცხეს და 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ზედიზედ მე-7-ედ ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გადამწყვეტი თამაში ზედიზედ სამჯერ მოიგეს და შარშან ფინალში სწორედ პორტუგალია, 27:0 დაამარცხეს.
ნახევარფინალში, რუსთავში, პორტუგალიისა და ესპანეთის ჯახი ფრედ 21:21 დასრულდა და პირველი ფინალისტის ვინაობა კარში დარტყმებით გაირკვა. მეორე ნახევარფინალი თბილისში, „რაგბი პლატოზე" გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს
.

უმცროსი ბორჯღალოსნები ბელგიას ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ, აქცენტს ხელდახელ სწრაფ თამაშზე აკეთებდნენ და თითქმის ყველა ლელო ამ სტილში გაიტანეს. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, ლუკა ჭინჭარაულმა ცენტრში გაჭრა ხაზი და ბურთი თორნიკე ღანიაშვილს გაატანა, ტატო ბურთიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ოფლოუდით ლელოში ლუკა კობაური შეუშვა. მე-8 წუთზე ჭინჭარაულმა ერთხელაც გაჭრა ხაზი, ოვალი მარჯვნივ ჩათამაშდა, ლუკა ხორბალაძე 5-მეტრიანში შეაჩერეს, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ნიკა ლომიძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა. მალევე შებრუნებული პასით გიორგი ხაინდრავამ გაჭრა ხაზი, მას ლუკა კოტორაშვილი მიყვა და მესამე ლელო გაიტანა. ხორბალაძემ ორი გარდასახა - 19:0.

მე-16 წუთზე ლელო თამაზ ჭამიაშვილმა მიითვალა, 21-ე წუთზე აქტიურმა კობაურმა გაჭრა ხაზი და ლელო ბურთიკაშვილმა გაიტანა, 23-ეზე კი შეტევა ჭინჭარაულმა დაიწყო და მისი ოფლოუდით უკვე თავად კობაურმა იხეირა. ტაიმის ბოლოს ხელდახელ შეტევა ბურთიკაშვილის მეორე ლელოთი დასრულდა, მერე კი ხორბალაძემ გაინავარდა მეტოქეს მე-8 ლელო გაუტანა - 48:0.
შესვენების შემდეგ თამაშის დასალაგებლად მასპინძლებს გარკვეული დრო დაჭირდათ, მერე ხორბალაძემ მთელ დაცვას შემოურბინა და ლელოში ზურა ნინიძე შეუშვა. მალე კვლავ ბურთიკაშვილის ჯერი დადგა და მესამე ლელო მიითვალა, 50-ე წუთზე კი, შერკინების შემდეგ, ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და მას კარგად მიყვა ლუკა ცირეკიძე - 65:0.

ორიდე წუთში ოფლოუდებით დახუნძლული ხელდახელ შეტევა გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დასრულდა. 61-ე წუთზე მან უკვე რაქიდან შეუტია და მცველი ძალისმიერ ორთაბრძოლაში დაჯაბნა. 66-ე წუთზე მოლი გიგი ჭუმბურიძის ლელოთი დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 86:0.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი
5 ოქტომბერი. თბილისი. „რაგბი პლატო"
საქართველო - ბელგია 86:0 (48:0)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. ლუკა კობაური, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. ლუკა ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ჯიღაური;
შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. მიხეილ ხახუბია, 3. დავით მჭედლიძე, 4. თორნიკე ღანიაშვილი, 5. გიორგი გერგედავა (კაპ.), 6. ანდრო დვალი, 7. ნიკა ლომიძე, 8. თამაზ ჭამიაშვილი.
მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. გიგა თუთისანი, 19. კახა შეყილაძე, 20. ჯაბა ოდიშარია; 21. ლადო ტყაბლაძე, 22. გელა ხელაძე, 23. ლუკა კეშელავა, 24. ნუგზარ ქევხიშვილი, 25. ლუკა ცირეკიძე, 26. ნიკა აბესაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი





ჩვენ








