ქართული საკალათბურთო ლეგიონი
ქართული საკალათბურთო ლეგიონი
06.10.2022
ავტორი: ი.პ.

თად მაკფადენის "მურსია" ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც გამოვა. ფიბა-ს ტურნირებს შორის ამ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში მურსიელები წარმატებით ჩაერთნენ. მაკფადენის გუნდმა თურქულ "თოფაშს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:72 დაამარცხა. მაკფადენი მატჩის გმირი გახდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:11 წუთში 6-დან 2 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, აქტივში 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი - 1 დაკარგვა.  მურსიელთა მხირიდან 16 ქულით საუკეთესო ჯორდან დევისი იყო, ბასკონიაში თორნიკე შენგელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ილიმანე დიოპმა კი 13 ქულას 6 მოხსნა წაამატა.


მაკფადენის კლუბი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშია და მეტოქეებად სტრასბურგი და სომბათჰეი ჰყავს. მურსია მომდევნო შეხვედრას სწორედ უნგრეთში ჩაატარებს 12 ოქტომბერს, მანამდე კი (9-ში), ესპანეთის ჩემპიონატში ძალებს გრანადასთან მოსინჯავს.


ვიდეო-კოლაჟი თადის თამაშიდან


გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო 2 ტური გამოტოვა, მას არც წინასასეზონო, მოსამზადებელ მატჩებში უთამაშია და ამ ერთთვიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მისი გუნდმა ვილნიუსის რიტასს უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად - 89:74 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ლენოვო ტენერიფე ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ სეზონშიც ტიტულის დაცვა აქვს დაგეგმილი.


შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო დ მოედანზე გატარებულ 21:36 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ქულა ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.


მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 19 ქულითა და 7 პასით, სასუ სალინმა კი 18 ქულა (6 სამქულიანი) ჩააგდო. ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც საბერძნეთში პერისტერის ესტუმრება. ჯგუფში მეოთხე გუნდი ებრაული ჰირზილიაა, რომელიც პირველ ტურში პერისტერისთან 60:76 დამარცხდა.