ტაშკენტში ქართული გუნდი კვლავ მედლების მოლოდინშია
ტაშკენტში ქართული გუნდი კვლავ მედლების მოლოდინშია
08.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ჯუდოიკებისთვის წარუმატებელი და უმედლო გამოდგა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე საასპარეზო დღეც. დღეს, ჩვენი გუნდი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, -73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონით ლაშა შავდათუაშვილითა და -57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანით.


„შავიმ" ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად შვეიცარიელი და იტალიელი სპორტსმენები დაამარცხა. თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი დანიელ გარგნინი იყო, რომელმაც ქართველისთვის მარტივად მოახერხა შიდოები „აეკიდებინა", შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, „შავი" საკუთარ მოძრაობაზევე დაიჭირა და ვაზარი აართვა.



რეპეშაჟში დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანიც და ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერ მოახერხა. „შავის" მსგავსად, ეთომაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიყწო და საწყის ორთაბრძოლებში სერბეთისა და იტალიის წარმომადგენლები დაამარცხა, თუმცა, 1/2 ფინალში გადასავლელ ორთაბრძოლაში, ისიც იაპონელ ჯუდოკასთან ჰარუკა ფუნაკუბოსთან დამარცხდა. რეპეშაჟში, ბრინჯაოს მედლისკენ გზა ქართველს კანადელმა ჯესიკა კლიმკაიტმა გადაუღობა.


ხვალ, ტაშკეტნტში მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება. ამ დღეს, საქართველო -81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილით იქნება წარმოდგენილი.



ფოტო:  @IJF