ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
09.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტატომ ტვინით მოიგო და ეს, ფინალური ბრძოლის შემდეგ ჟესტიკულაციითაც დაამტკიცა. ქართველმა ჯუდოკამ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, მოქმედ ჩემპიონთან ბელგიელ მატიას კასესთან გამართა და დამატებითი დროის მე-9 წუთზე ვაზარით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტატო, 1/4 და 1/2 ფინალური შეხვედრებისგან განსხვავებით, ფინალში თავიდან ბოლომდე მობილიზებული და რაც მთავარია, დასვენებული ჩანდა. ქართველმა მოახერხა დამქანცველი ორთაბრძოლის მიუხედავად, ძალების თანაბრად გადანაწილება და საბოლოოდ, ამის ხარჯზე გამარჯვება. ამასთან, გრიგალაშვილმა, 2021 წლის ფინალისთვის, ბელგიელთან რევანში აიღო, წითელი არშია ჩამოართვა და პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისკენაც, წონის მსოფლიოს ნომერმა პირველმა,  დიდი ნაბიჯი გადადგა.


„იმედგაცრუებული ვარ იმიტომ, რომ ვერ მოვიგე, მაგრამ ბედნიერი, რადგან კვლავ არ დავრჩი მედლის გარეშე. ეს, ჩემი, ზედიზედ მესამე ფინალი იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე და სასიამოვნოა, როცა ასეთი თანმიმდევრული ხარ. ჩემი ნახევარფინალი ფუჯივარასთან იყო რთული და მე, რამდენიმე უმნიშვნელი შეცდომა დავუშვი. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ქულებით გამარჯვება. გრიგალაშვილი არის უდიდესი ჯუდოკა და გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რომ მე არ „დავბრუნდები" და შემდეგ ჯერზე არ დავამარცხებ. ამისთვის მოვემზადები. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს ფინალებზე, ისევე, როგორც ოლიმპიური მედლისთვის, ასე, რომ ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ შევხდებით", -იტყვის მატიას კასე ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.




კიდევ ერთი რევანში ტატომ, 1/2 ფინალში, ამჯერად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საეიდ მოლაისთან აიღო. ქართველმა შიდოებით მოუგო მოლაის, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/2  ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენებური რეპეშაჟში გადაუშვა.


ნახევარფინალამდე, ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ტაშკენტის ტატამზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სამი შეხვედრა გამართა. თავდაპირველად, ფრანგი დიალო ალფა ომარი დაამარცხა, შემდეგ, დომენიკის წარმომადგენელ კოროტორეალს სძლია და ჯგუფიდან გასასვლელად, საკმაოდ დამღლელ ორთაბრძოლაში, იაპონელი ტაკანორი ნაგასე დამატებით დროში, შიდოებით დაამარცხა.


ტატო გრიგალაშვილი გამოდგა პირველი მერცხალი, რომელმაც ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართული ძიუოდს ნაკრების სათვალავში პირველი მედალი და თანაცმ ოქრო ჩადო. მოიყვანს თუ არა, ერთი „მერცხალი" გაზაფხულს, ამას მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეხუთე საასპარეზო დღე გვიჩვენებს, რომლის დროსაც მედლების კომპლექტი კვლავ, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ჩვენთვის კი, საინტერესო და მნიშვნელოვანი -90კგ იქნება, რომელშიც, ოლიმპიური ჩემპიოინი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.




საერთოდ აღსანიშნავია, რომ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხე საასპარეზო დღე, არა მხოლოდ ქართული, არამედ, ევროპული ძიუდოსთვის იყო წარმატებული. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ევროპელებმა იასპარეზეს, ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობაც, ტატამზე ევროპის წარმომადგენლებმა გაარკვიეს. მისი მფლობელი შამილ ბორჩაშვილი გახდა.  სხვათა შორის, შამილმა, რომელიც ავსტრიის სახელით ასპარეზობს, დღეს, ტოკიოში, ოლიმპიადის ვერცხლის მედლისთვის, მოლაისთან წაგებული ორთაბრძოლის გამო, რევანშის აღება მოახერხა. ბორჩაშვილმა მოლაი იპონოთ დაამარცხა.


ფოტო: @EJU.net