
დღეს გამართული „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოხვდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესაჩევი ციკლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეორედ მოუწევს ურთიერთობის ესპანეთის ნაკრებთან გარკვევა, რომელიც ჯგუფში უდავო ფავორტია.
„ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში, რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა, ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი გახსენდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსის და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სფფ-ს სანაკრებო ვებ-პორტალისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფრანკფურტში, წილისყრაზე მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს ნაკრებს, ყველა გუნდთან სათანადო თამაშისა და ქულების აღების შანსი აქვს. განსაკუთრებით, საშინაო თამაშებში, სადაც გულშემატკივრის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჯგუფის თამაშების დეტალური კალენდარი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მანამდე კი, A ჯგუფი, თემურ ქეცბაიამაც შეაფასა.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენთვის, რომელ ჯგუფშიც არ უნდა მოვხვედრილიყავით იქნებოდა რთული. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. აქ, მოხვდა საქართველოც. ამ თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ. რამდენიმე ამხანაგური თამაში გვაქვს ნოემბერში დაგეგმილი და ვფიქრობ, მომზადებაში დაგვეხმარება. ერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ამბობს თემურ ქეცბაია, რომელმაც კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, არც თუ დიდი ხნის წინ ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე „ევრო 2024"-ის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას კი, ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები მიიღებენ. უეფა-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გასული 12 ნაკრებიდან, სამი ფინალური ეტაპის საგზურს დაეუფლება. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, როგორც „ევრო 2024"-ის მასპინძელს, ფინალურ ეტაზე თამაშის უფლება მას მასპინძლობის გამო, კარგა ხანია ჯიბეში უდევს.





ჩვენ








