
მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა პირველად ითამაშა. მან წინა 2 ტური ტრავმის გამო გამოტოვა და სეზონის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა. ამჯერად გიორგიმ ლიგა ენდესაშიც ითამაშა და მის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 85:79.
ლენოვო ტენერიფე ბასკონიას სტუმრობდა და დაძაბული, თანაბარი მატჩის ბოლო პერიოდში მოახერხა ძალთა მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:45 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. ტენერიფე მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს ობრადოიროსთან გამართავს. 3-დან 3 მოგებით ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატს "ბილბაოსა" და მადრიდის "რეალთან" ერთად ლიდერობს.

მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენს, თუმცა, ამჯერად, მან გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
მაკფადენის მურსიამ გრანადასთან 82:89 წააგო, თადი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:03 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
მურსიას სამ ტურში ერთადერთი გამარჯვება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს სტუმრად ვალენსიასთან ჩაატარებს.

ალექსანდრე ფევაძის მეორე მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებული აღმოჩნდა. წინა შეხვედრის მსგავსად, მას ორმაგ დუბლამდე კვლავ 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა "ლაგუნა შარკსის" ქართველ ფორვარდს ამჯერად 19 ქულა ჰქონდა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სამწუხარო ისაა, რომ "ლაგუნა შარკსი" კვლავ დამარცხდა. ამჯერად, ბუქარესტელებმა საკუთრ მოედანზე შეხვედრა "ტიმიშოარასთან" 76:83 დათმეს. ბოლო მეოთხედის წინ ფევაძის გუნდი 3 ქულას იგებდა, თუმცა ტიმიშოარამ გადამწყვეტი მეოთხედი 10 ქულით მოიგო და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.
24 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ფევაძემ მოედანზე 27:38 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჭაჭრა მიითვალა. მან 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო.
ლაგუნა შარკსი 9 გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში დინამო ბუქარესტთან სტუმრად ითამაშებს.





ჩვენ








