
ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან, ზუსტად ერთი კვირის მანძილზე, თბილისის ოლიმპიური სასახლე ტრადიციულ საკალათბურთო ტურნირს, დუდუ დადიანის მემორიალს უმასპინძლებს. სამსახურის კიბეებზე 2002 წელს, მოკლული, კალათბურთის ფედერაციის იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის დუდუ დადიანის სახელობითი ტურნირი წელს, ოცდამეერთედ გაიმართება. ამ ხნის მანძილზე, დუდუ დადიანის მემორიალი 12 გუნდს, მათ შორის ერთს, ყაზახურს აქვს მოგებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში დუდუ დადიანის მემორიალი მოგებული აქვთ: თბილისის „დინამოს" (2002, 2016, 2017), სტუ-ჯეოსელს (2003, 2004), „ავიამშენს" (2005), „ენერჯი-ინვესტს" (2006, 2007, 2008, 2009, 2010), „ქუთაისს" (2011, 2020), „არმიას" (2012), „სოხუმს" (2013), „რუსთავი" (2014), „ბარსის" ყაზახეთი (2015), „დელტას" (2018), თსუ-სა (2019) და „ტიტებს" (2021).
დუდუ დადიანის მემორიალის 2022 წლის გათამაშებაში, მონაწილეობის სურვილი, საკალათბურთო სუპერლიგაში მოთამაშე 11 გუნდმა გამოთქვა, რომლებიც დებულების შესაბამისად, სამ ქვეჯგუფად დაიყვნენ და ჯგუფში საუკეთესოებს გამოავლენენ. სწორედ, სამი ჯგუფის გამარჯვებული, პირდაპირი წესით გავა 1/2 ფინალში. მეოთხე ნახევარფინალისტი კი, ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონდე მეორეადგილოსანი გუნდი იქნება. ტურნირის დებულების თანახმად, ის გუნდები, რომლებმაც ერთ ჯგუფში იასპარეზეს, 1/2 ფინალში ერთად ვერ მოხვდებიან.
წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაჯგუფდნენ:
A ჯგუფი: „ცხუმ-აფხაზეთი", თსუ, „ბათუმი", კაკტუსი"
B ჯგუფი: „ტიტები", „ოლიმპი", „კავკასია", „ვერა"
C ჯგუფი: „რუსთავი", „ქუთაისი", „მეგა"

დუდუ დადიანის მემორიალში, მონაწილეობას არ მიიღებს ტურნირის პირველი გამარჯვებული, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო", რომელიც 2023 წლის სეზონზე, პირველად, კლუბის არსებობის ისტორიაში არც საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშებაში იასპარეზებს, ვინაიდან, გასულ სეზონზე თბილისელები, ერთი ლიგით დაქვეითდნენ. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ისინი 12, 13, 14 და 15 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 16, ხოლო ფინალური დაპირისპირება 18 ოქტომბერს, გაიმართება.
და ბოლოს, დუდუ დადიანის მემორიალი, ტრადიციულად ახალ საკალათბურთო სეზონს უსწრებს წინ, რომელიც ტურნირის დასრულებიდან ძალიან მალე დაიწყება.





ჩვენ








