ოცნებად დარჩენილი კიდევ ორი მედალი
ოცნებად დარჩენილი კიდევ ორი მედალი
11.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასპარეზობის მეექვსე დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მედლების გარეშე დარჩა. ამ დღეს, ტატამზე -100კგ წონით კატეგორიაში, ჩვენი გუნდი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მედლებისთვის ბრძოლას, თითქმის საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ჩვენი გუნდი კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. „ლიპომ", მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში, ტურნირის მასპინძელ, მსოფლიოს 2022 წლის მომავალ ჩემპიონთან მუზაფარბექ ტურობოევთან დამარცხდა. სხვათა შორის, ტურობოევთან დაპირისპირებისას, ლიპარტელიანმა მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა, ბრძოლა, ტკივილის მიუხედავად გააგრძელა.

ლიპარტელიანის მსგავსად, იმავე ეტაპზე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას, ესპანეთის სახელით  მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი.


ილია სულამანიძემ, მართალია, რეპეშაჟის 1/2 ფინალში მოახერხა ტიტულოვანი პორტუგალიელი ფონსეკას დამარცხება, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, მაიკლ კორელთან  ბრძოლაში, რომელიც რეალურად, მისი უპირატესობით მიმდინარეობდა, ერთი უყურადღებობის გამო დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. სულამანიძემაც, ტაშკენტში მოასპარეზე სხვა ქართველების მსგავსად, მეორე წრიდან დაიწყო და თავიდან გერმანელი დანილ ჰერბსტი, შემდეგ, თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა და ჯგუფიდან 1/2 ფინალში გასასვლელად, კანადელ რეიესს შეხვდა, პირველმა მოახერხა ვაზარის აღება თუმცა, საბოლოოდ დამარცხდა.




ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ პირად ჩათვლაში, სულამანიძე, კი დარჩა მედლის გარეშე, თუმცა, ქართველს, ტაშკენტში შერეულ გუნდურ შეჯიბრში კვლავ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მედლის მოგების შანსი. ის, ლაშა შავდათუაშვილთან, გიორგი ტერაშვილთან, ლაშა ბექაურთან, ბექა ღვინიაშვილთან, გურამ თუშიშვილთან, ეთერ ლიპარტელიანთან, ნინო გულბანთან და სოფიო სომხიშვილთან ერთად, გუნდური ოქროსთვის საბრძოლველად გამზადებულ 16 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, 13 ოქტომბერს იასპარეზებს.


მანამდე კი, ხვალ, ტაშკენტში ბოლო წონითი კატეგორიები გათამაშდება. საქართველო +100კგ-ში გურამ თუშიშვილით, +78კგ-ში კი, სოფიო სომხიშვილით იქნება წარმოდგენილი.


და ბოლოს შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, ამ მომენტისთვის ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი აქვს მოგებული. ოქროს მედალი და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპინი ტატო გრიგალაშვილი გახდა (-81კგ), ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ კი (-90კგ), ბრინჯაოს მედლ

ების მოგება მოახერხეს.


ფოტო: @IJF / გაბრიელა საბაუ