„დინამო თბილისი“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი 2“ და „ტორპედო“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია
„დინამო თბილისი“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი 2“ და „ტორპედო“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია
12.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ოთხ სტადიონზე, 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური თამაშები გაიმართა. გათამაშების ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგის ოთხი წარმომადგენლიდან, 1/2 ფინალში სამი გავიდა. ერთი, გორის „დილა" კი, „დინამო არებაზე", „დინამო თბილისთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. 1/4 ფინალში, ეროვნული ლიგის ოთხი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.


აღსანიშნავია, რომ „დინამო არენაზე" თამაში სანახაობრივად დიდად არ გამოირჩეოდა. გუნდებსაც, თითზე ჩამოსათვლელი მომენტები ჰქონდათ და შესაბამისად, „დინამომაც" და „დილამაც" ეს მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. ანგარიში, 28-ე წუთზე  გაიხსნა. გოლი, მასპინძელთა კარში გავიდა. ყოფილ თანაგუნდელებს თორნიკე კაპანაძემ გაუტანა. ზუსტად 2 წუთში, უკვე გორის „დილას" კარის მცველს, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილს დემეტრე ბულისკერიას, „დილას" ყოფილმა ფეხბურთელმა, უსმანე კამარამ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. შეიძლება ითქვას, თამაშის მხრივ, მეორე ტაიმში, არც ერთ გუნდს, არაფერი შეუცვლია.თამაშიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ მატჩის ბედს, ერთი გოლი გადაწყვეტდა (და არანაირი დამატებითი დრო). ეს გოლი კი, 74-ე წუთზე იმრანმა გაიტანა. „დინამო თბილისმა" 2-1 მოიგო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს თასის 1/2 ფინალში გავიდა.


მატჩის ფოტო-ამბავი


გათამაშების მომდევნო ეტაპზეა, თასის მოქმედი მფლობელი „საბურთალო". თბილისურმა კლუბმა, 1/4 ფინალში, ბათუმში, ანგისაზე, ქობულეთის „შუქურას" წინააღმდეგ ითამაშა და 0-2 გაიმარჯვა. ამ მატჩში, გოლები ტაიმების საწყის წუთებში გავიდა. თავდაპირველად, მე-7 წუთზე, იური ტაბატაძემ დააწინაურა „საბურთალო", 49-ე წუთზე კი, გურამ გოშთელიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა.


მეოთხედფინალებში, ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „რუსთავი", ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდა. გოლი პაატა კიტეიშვილმა მე-3 წუთზე, 11-მეტრიანით გაიტანა. 22-ე წუთზე, 11-მეტრიანითვე გაათანაბრა ანგარიში გიორგი კუხიანიძემ. ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე კი, თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის სცენარით დაიწყო მეორე ნახევარიც. რუსთაველებმა, 47-ე წუთზე, იუტა ნაკანოს გოლით ანგარიში გაათანაბრეს. 67-ე და 85-ე წუთებზე კი, პედრო მონტეირომ დუბლი შეასრულა და „ტორპედოს" საქართველოს თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის საგზური მოუტანა. ქუთაისელებმა 2-4 მოიგეს.


ერთადერთი გუნდი, რომელიც ნახევარფინალისტებიდან არ არის ელიგის წარმომადგენელი, თბილისის „ლოკომოტივის" მეორე გუნდია. „ლოკომოტივი 2", რომელიც ლიგა 4-ს წარმოადგენს და ქვეყნის ჩემპიონატში, ზედა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის, არც სათასო გათამაშებაში ცდილობს ხელების გულზე დაკრეფვას. თბილისელებმა, საგურამოს ბაზაზე, ლანჩხუთის „გურია" მიიღეს და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის დასასრულს, რევაზ ხინჩიაშვილის შესრულებული ზუსტი 11-მეტრიანით თამაში, 1-0 და შესაბამისად, 1/2 ფინალის საგზურიც მოიგეს.


1/2 ფინალების წილისყრაში სფფ-ში უახლოეს დღეებში გაიმართება.