ხვიჩა უეფა-ს დღის რჩეულებს შორისაა!
ხვიჩა უეფა-ს დღის რჩეულებს შორისაა!
13.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი და  სოცმედია „ნაპოლი" - „აიაქსის" (4-2) მატჩის საუკეთესო მოთამაშის ფოტოს აქვეყნებს.  ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ის, ხვიჩა კვარაცხელია არის.  მოგეხსენებათ, უეფა ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ასახელებს თითოეულ მატჩში საუკეთესოს - ხვიჩა ამჯერად, კილიან მბაპეს, რობერტო ფირმინიოს, ლეონ გორეცკასა, საერთო ჯამში, ტურის 16 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

„პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს და ფანებს, რადგან ვართ ბედნიერები ამ სტადიონზე თამაშით, სადაც ატმოსფერო არის ძალიან კარგი. მიზნებს რაც შეეხება, ჩვენ წინ ვიყურებით, ჩვენ გვაქვს კარგი თამაშები სერია A-ში, ვფიქრობთ ამ თამაშებზე. რა იქნება შემდეგ, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ ბედნიერები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მე დავარტყამ პენალტს, თუ სხვა, რადგან ჩვენ ვართ გუნდი. ვინც ამისთვის მზად არის კონკრეტულ მომენტში, მან უნდა დაარტყას",  - ამბობს ხვიჩა მატჩის შემდგომ ფლეშ-ინტერვიუზე .


ქართველმა, „აიაქსს" ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაუტანა. ამჯერად 11-მეტრიანით, თუმცა, მანამდე საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჩვენიანმა მინდორზე 77 წუთი დაჰყო და სხვადასხვა გამოცემებისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, რომელიც 7,5-დან 8 ქულამდე მერყეობდა.


მიმდინარე სეზონს თუ გადავხედავთ, „ნაპოლის" მაისურით, ოფიციალურ თამაშებში (მათ შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში), ხვიჩას 13 მატჩში, 7 გოლი, 7 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული 11-მეტრიანი აქვს. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში კი, ქართველმა იმას გარდა, რომ თითქმის 17-წლიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა, „აიქასთან" საშინაო შეხვედრაში მას, კიდევ ერთი დაუმატა.


აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიმ", „აიაქსთან" საშინაო მატჩის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. „კვარას" გუნდმა, A ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 17 გოლი გაიტანა, 12 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალში, მადრიდის „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" შეუერთდა. ლიგის მომდევნო შეხვედრას, ქართველის გუნდი, 26 ოქტომბერს, კვლავ ნეაპოლში, „რეინჯერს"-ის წინააღმდეგ გამართავს. თუმცა, მანამდე, 16 ოქტომბერს, „ნაპოლი", „ბოლონიას" დაუპირისპირდება.



ფოტო: @UEFA via Getty Images