მსოფლიო ჩემპიონობიდან 60 წლის შემდეგ!
მსოფლიო ჩემპიონობიდან 60 წლის შემდეგ!
17.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წლის წინ, ბელგრადში, სერბეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე მიმავალი, აკრედიტაციის შესამოწმებლად შემაჩერეს. საიდან ხარო, მკითხა სტუარტმა. საქართველოდანთქო, მივუგე. მას თვალები გაუბრწყინდა და ვიცი ეს ქვეყანაო - ნონა გაფრინდაშვილი, დავით ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძეო... ზუსტად ამ თანმიმდევრობით ჩამომითალა ქართული სპორტის ლეგენდების სახელები. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ ძალიან მესიამოვნა. მესიამოვნა თუნდაც, იმიტო, რომ ჟურნალისტური კარიერის მანძილზე, ქართული სპორტის ამ მედროშეებთან, ინტერვიუები მეც მქონდა ჩაწერილი. მოკძალებბულად, ამ ფაქტით წავიტრაბახე კიდეც.

დღეს კი, თბილისში, ჭადრაკის სასახლეში, ჩემი კოლეგის, ლაშა გოდუაძის წიგნის, „დედოფალი"-ს პრეზენტაციაზე ვიყავი, რომელსაც თავად ლეგენდაც, ნონა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.




ზუსტად 60 წლის წინ, 1962 წლის 17 ოქტომბერს, ქართული ჭადრაკის ოქროს ხანა დაიწყო. ამ დღეს, 21 წლის ქართველმა გოგონამ, ნონა გაფრინდაშვილმა, ელიზავეტა ბიკოვას წინააღმდეგ ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. უკვე წლების შემდეგ იტყვიან, რომ ქართული ჭადრაკის ოქროს ხანა, სწორედ ამ დღეს დაიწყო. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. ნონამ კი, მას შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.


„1962 წლის 17 სექტემბერს დაპირისპირება საზეიმოდ გაიხსნა და ზუსტად ერთ თვეში, 17 ოქტომბერს დასრულდა. წესდებით გათვალისწინებული თექვსმეტი პარტიის ნაცვლად, ჭადრაკის მოყვარულებმა მხოლოდ თერთმეტი იხილეს - ქართველმა პრეტენდენტმა შვიდჯერ დააშამათა მეტოქე, ოთხჯერ ყაიმზე დაეთანხმა და დაუმარცხებლად, 9:2 გაიმარჯვა! ერთი დღის შემდეგ, 1962 წლის 18 ოქტომბერს, ნონა გაფრინდაშვილმა პირველად დაიდგა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინი", - წერს ლაშა გოდუაძე, წიგნის „დედოფალი" წინასიტყვაობაში.




118-გვერდიან წიგნში, რომელზეც პროქტის ავტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასათან ერთად მუშაობდა, ქართველი დიდოსტატის შესახებ, სხავდასხვა მედია-გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო-მასალა, ასევე, ყველა შეჯიბრია შეკრებილი. წიგნი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარდაჭერით გამოიცა.


ბევრი თბილი სიტყვა, მოგონება, რომელიც რა დამასამალია და ნონას უფრო კარგად ახსოვდა, ვიდრე მათ, ვინც მათ იხსენებდა. ნონას მოსწრებული „ჩართვები", დარბაზში შეკრებილთ, ფრიად ახალისებდა. კიდევ იყო, ბევრი საჩუქარი და დაფნის გვირგვინი, რომელიც ჭადრაკის დედოფალს დღეს, კიდევ ერთხელ დაადგეს.



ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები:

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი

ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს „ოქროს პაიკი" მფლობელი

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი




ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოები