ქართული საკალათბურთო ლეგიონი შერმადინი / ფევაძე
ქართული საკალათბურთო ლეგიონი შერმადინი / ფევაძე
16.10.2022
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინმა თავის ოპტიმალურ ფორმას მიაღწია. სეზონის სტარტზე მცირე შეფერხების შემდეგ ქართველმა ცენტრმა თავად რომ სჩვევია, ისეთი მატჩი შემოგვთავაზა. შერმადინი მატჩის MVP გახდა და რაც მთავარია ლენოვო ტენერიფეს ობრადორიოს დამარცხებაში უდიდესი დახმარება გაუწია. 

კანარის კუნძულელებმა პირველი მეოთხედი 16:24 დათმეს, მაგრამ შემდეგ თამაში შეატრიალეს და საბოლოოდ იოლად გაიმარჯვეს - 86:67. ამაში ლომის წილი მიუძღვის ქართველ ცენტრს, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო - 19 ქულა და 7 მოხსნა.


შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, ბრაზილიელ უერტასთან, ფინელ სალინთან, კანადელ დურნკამპთან და ამერიკელ კუკთან ერთად. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქულებით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, ისევე, როგორც მოხსნებითაც. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და თამაშ პლუს 10-ით დაასრულა. მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა და დაფარებაც, შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 27 მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი MVP გახდა.


ტენერიფეს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და 100%-იანი შედეგით ლიდერობს. 22 ოქტომბერს ტენერიფე ბარსელონას ესტუმრება, რომელიც 4-დან 3 მოგებით მეორე ადგილზეა.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან




საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ალექსანდრე ფევაძის გუნდი ლაგუნა შარკსი რუმინეთის ჩემპიონატში თამაშს თამაშზე აგებს, თუმცა ქართველი ფორვარდი კი პირადი სტატისტიკით ერთ-ერთი გამორჩეულია. გასულ მატჩში ფევაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, როცა ლაგუნდა ბუქარესტის დინამოსთან 51:88 დამარცხდა.


ფევაძე მატჩში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანიც გახდა. გასულ 3 ტურში ალექსანდრეს ჯამში46 ქულა აქვს ჩაგდებული.


ლაგუნა შარკსმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ჩემპიონატის B ჯგუფში მე-7 ადგილს იკავებს. ფევაძის კლუბი მომდევნო ტურში ბუქარესტის სტიაუას შეხვდება.