
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის, დიმიტრი ჭელიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალში "ქუთაისი 2010" დაამარცხა. კოტე ტუღუშის გუნდმა, რომელიც ბოლო წლებში თითქმის ყველა ტიტულის მოსაგებადაა შემართული შემადგენლობიდან გამომდინარე, ამის სამართლიანი ამბიციაც აქვს, უნივერსიტეტელებთან მატჩი უშანსოდ წააგო. საბოლოო ანგარიშია 95:73 (სტატისტიკა) თსუ-ს სასარგებლოდ.
თსუ-ს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა დღევანდელ მატჩში გუნდმა სოლიდური დახმარება მიიღო ახალწვეულისგან, გიორგი ცინცაძისგან, რომელმაც თსუ-ს შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად ითამაშა და ჩვეული ოსტატობით გუნდს გამარვების მოპოვებაში დაეხმარა. ცინცაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და რეკორდსმენია (201 მატჩი), ტუნისურ "მონასტირთან" კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. თსუ-ში ის წინა სეზონში ირიცხებოდა, მაგრამ სწორედ დუდუ დადიანის მემორიალზე მიღებული ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. მას თსუ-სთან კონტრაქტი არ გააჩნია, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალზე, როგორც საერთაშორისო საზომით არაოფიციალურ ტურნირზე, თამაში შეუძლია. დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი თსუ-ში, რამდენიმე დღეში გაირკვევა.
ცინცაძემ არასრული 26 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თუ ის გუნდში დარჩა, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სუპერლიგას ცინცაძის სახით დიდი კლასისა და გამოცდილების კალათბურთელი შეემატება. შედეგიანად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა, ებრიან ედვარდსმა, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა. ქუთაისელთაგან საუკეთესოდ ითამაშა ლუკა მაზიაშვილმა 22 ქულა, 8 პასი. ჯარვის რეის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა.

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში გასულ თსუ-ს სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია შეუერთდა. ბექა წივწივაძის შედარებით ახალშექმნილმა გუნდმა საქართველოს ყველა ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რუსთავი დაამარცხა. თანაც ისე, რომ დიდად არ გასჭირვებია. კავკასიელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, ბოლოს კი ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ - 90:79 (სტატისტიკა).
რუსთაველებმა მიმდინარე ტურნირზე მეორე მატჩი წააგეს. პირველად ქვემოქართლელები ჯგუფში ქუთაისთან დამარცხდნენ, თუმცა ნახევარფინალში მეორე ადგილიდან, ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე გავიდნენ. კავკასიამ კი ჯგუფში დიდი ბრძოლები გადაიტანა - სამივე მეტოქეს - ტიტებს, ვერას და ოლიმპს დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
კავკასიელებმა ყველაზე დამაჯერებლად სწორედ ნახევარფინალი ითამაშეს და მეტოქეს ისე მოუგეს, ბოლო წუთები დაძაბული არ ყოფილა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კავკასიელები პროგრესირებენ და სუპერლიგის ახალ სეზონს, რომელიც 23 ოქტომბერს იწყება, კარგ ფორმაში ხვდებიან.
რუსთავთან მოგებულ მატჩში წივწივაძის გუნდმა მესამე პერიოდში ტემპს და სიზუსტეს უმატა, რაც ანგარიშზეც აისახა და კავკასიელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. რუსთაველთა მწვრთნელი, ანატოლი ბოისა შეეცადა, რომ წუთშესვენებებითა და ტაქტიკის ცვლილებით ვითარება გამოესწორებინა, მაგრამ მეტოქემ გამართული თამაშით ამის საშუალება არ მისცა.
გამარჯვებულებს 22 ქულით ლევან გოგიჩაიშვილმა ულიდერა. 17 ქულა კრის მაკნილმა დააგროვა, ლევან ქვარცხავასა და ჯასტინ ფოსტერის ანგარიშზე კი 13-13 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე.
ფინალური მატჩი, რომელშიც ერთამანეთს კავკასია და თსუ შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 19 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.





ჩვენ








