წლის მეხუთე ქართული დერბი - ამჯერად სათასო
წლის მეხუთე ქართული დერბი - ამჯერად სათასო
20.10.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/2 ფინალისტების ვინაობა ცნობილია. სფფ-ს ოფისში გამართული წილისყრის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო" „დინამო თბილისს", თბილისის „ლოკომოტივის" მეორე გუნდი კი, თასის მოქმედ მფლობელ „საბურთალოს" დაუპირისპირდა.

თამაშები 2 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებული კვლავ ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. თბილისური დერბი საგურამშო, 2022 წლის რიგით მეხუთე ქართული დერბი კი, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


ალბათ, აქვე აღსანიშნავია, რომ თასის ფინალისკენ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თუ ეროვნული ლიგის კალენდარსაც გავითვალისწინებთ და სათასო დაპირისპირებესაც, ურთულესი გზით მიდის. თბილისელებმა, ნახევარფინალამდე, ტურნირს, ბათუმის „დინამო" და გორის „დილა" გამოთიშეს და ახლა, სეზონის ბოლოსკენ საკმაოდ მოძლიერებულ „ტორპედოსთან" მოუწევთ წელს უკვე მეხუთედ, „საქმის" გარკვევა. ეროვნული ლიგის დაპირისპირებებში (4-0, 0-3, 5-1, 0-0) დინამოელებს ქუთაისელები 3-ჯერ ჰყავთ დამარცხებული და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.


რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, აქ თბილისის „ლოკომოტივი 2"-ის ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა, უკვე სასიამოვნო ამბავია. ლიგა 4-ში მოასპარეზე კლუბი, დიდი ალბათობით, 2023 წლის სეზონში ლიგა 3-ში დაწინაურდება. თუმცა, მანამდე, სათასო დაპირისპირებაში, საკმაოდ რთული და საინტერესო სპარინგი ელით.