ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება
ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება
01.05.2018
ავტორი:

საფეხბურთო კლუბის, ბათუმის „დინამოს" საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში, „დინამომ" მარტვილის „მერანს" უმასპინძლა და საკუთარი მაყურებლის წინაშე მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა.

ტრადიციული ქართული საფეხბურთო კლუბი, ბათუმის „დინამო" რომელსაც 2017 წლის სეზონის შემდეგ ეროვნული ლიგის დატოვება მოუხდა და მთელი წლების მანძილზე საშინაო მატჩებსაც „გასვლაზე" ატარებდა. ამიერიდან კი, კლუბი საკუთარ სათამაშო მოედანზე გამართავს ყველა საშინაო მატჩს. „დინამოს" ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანს, მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნაც აქვს, რომელიც 1600 გულშემატკივარს იტევს. ტრიბუნაზე მედია და VIP ზონებიც არის გათვალისწინებული. ასე, რომ გია გეგუჩაძის გუნდს, ახლა ისღა დარჩენია სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ლიგას დაუბრუნდეს. ამ მომენტისთვის ლიგა 2-ის გათამაშების სატურნირო ცხრილში, ბათუმელები 15 ქულით მე-4 საფეხურზე არიან.

ბათუმის „დინამოს" ახლადგახსნილ საწვრთნელი ბაზა, ორი კეთილმოწყობილი - ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნებისგან და სამსართულიანი მრავალფუნქციური შენობისგან შედგება. ბათუმელები, ახალი კომპლექსის გახსნას, რეგიონის მასშტაბით სპორტისა და კერძოდ ფეხბურთის განვითარებას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში, დაიწყო ბათუმში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება.