დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო
დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო
23.10.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია


სუპერლიგის 31-ე გათამაშება დაიწყო.ბოლო წლებია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 11 გუნდი გამოდის და ტრადიცია არც წლეულს გარღვეულა. 11 გუნდი 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებს და თითოეულ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 20 მატჩის ჩატარება მოუწევს, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან დაიწყებს.


სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველ მატჩში ერთმანეთს ვერა და კაკტუსი შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოვიდა. ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 10-ჯერ დაფიქსირდა. უმეტესწილად ვერელები იგებდნენ, თუმც პერიოდულად კაკტუსიც გავიდოდა ხოლმე წინ.


ბოლო პერიოდის წინ ვერა 2 ქულით იგებდა, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოახერხეს და დასკვნით წუთებზე მეტოქეზე მეტი სიზუსტე გამოავლინეს. ვერელთა მწვრთნელი, დავით გასიტაშვილი ეცადა, წუთშესვენებები აიღო და მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკაც დაუპირისპირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება კაკტუსს დარჩა - 73:69 (სტატისტიკა).


გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო გუნდის ახალი ამერიკელი ლეგიონერი რაიან ალენი, რომელმაც 28 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა და 7 მოხსნა ჯეისონ კოპმანმა მოაგროვა, მაილს დენიელსის ანგარიშზე კი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ვერაში 14-14 ქულა ჯამირ კოულმენმა და მარტის კიმბრომ მიითვალეს. 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა.


***


დუდუ დადიანის გამარჯვებულმა კავკასიამ სუპერლიგაც მოგებით გახსნა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი მეგას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 90:84 (სტატისტიკა) სძლია. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთზე გამოვლინდა, მანამდე კი დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.


პირველი პერიოდი კავკასიამ 11 ქულით - 32:21 მოიგო და თითქოს საქმე არ უნდა გართულებოდა, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მეგას მოთამაშეებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ანგარიშში სხვაობამ კლება იწყო და ლიდერო დიდ შესვენებამდე შეიცვლა. ამერიკელი ლეგიონერის, რონი როზიეს ლიდერობით მეგამ მეორე პერიოდი 23:11 მოიგო და ტაიმის შემდეგ 34:33 დაწინაურდა.


მეგამ წარმატებული თამაში დიდი შესვენების შემდეგაც განაგრძო და მესამე პერიოდის შუაწელში 10 ქულით დაწინაურდა, რის შემდეგაც კავკასიელებს გადაწყობა მოუხდათ. დაცვა გაამაგრეს და სწრაფ შეტევებზე გადაერთნენ. ამასობაში მიზანი გაისწორა კავკასიელთა სნაიპერმა უკანახაზელმა კრის მაკნილმა, რომელმაც შორი თუ ახლო დისტანციებიდან დალაშქრა მეტოქის კალათი და თამაში ბოლო პერიოდში ისევ თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთების დროს კვანძი ისევ მაკნილმა და კავკასიის კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ჯასტინ ფორესტმა გახსნეს, რომლებმაც სამქულიანები მიითვალეს და თავისი გუნდი მიუწვდომელი გახადეს.


გამარჯვებულთაგან სარგებლიანობის საუკეთესო ინდექსი აიზია ელისმა დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 22 ქულით კავკასიაში ბომბარდირი კრის მაკნილი გახდა, რომელმაც  7 პასიც გაიღო, ხოლო ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 21 ქულა და 6 პასი დაგროვდა. მეგაში და მთლიანად მატჩში 32 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო რონი როზიე. 17 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 15 - ოთარ ბულიავამ დააგროვა.


***


საოცრად დაძაბული გამოდგა სუპერლიგის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ტიტები და რუსთავი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ერთქულიანი სხვაობით - 82:81 (სტატისტიკა) დასრულდა. მატჩი რუსთაველებმა მოიგეს, რომლებმაც გამარჯვების ბურთი საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩააგდეს. ეს მოახერხა ლევან ბაბილოძემ, რომელსაც ლუკა ბულაშვილმა სამწამიან ზონაში გამოზომილი პასი მისცა. ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც გასულ სეზონში სწორედ ტიტების ღირსებას იცავდა, ყოფილ გუნდს გამარჯვების ბურთი ჩაუგდო.


ბოლო წუთი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის განმავლობაშიც ერთი ფრე დაფიქსირდა, ლიდერი კი ოთხჯერ შეიცვალა. შეტევაში ორივე გუნდი ხეირობდა - ჯერ რევაზ როგავამ ჩააგდო სამქულიანი და რუსთავი 80:78 დააწინაურა, თუმცა კენდრიკ ტომპსონმა, რომელმაც წინა შეტევაში 2 საჯარიმო ააცილა, სამიანი ჩააგდო და დასრულებამდე 12 წამით ადრე ტიტები 81:80 დააწინაურა. სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო ბაბილოძემ გამარჯვების ბურთი, რამაც რუსთაველებს სუპერლიგაში პირველი გამარჯვება, ტიტებს კი პირველი მარცხი მოუტანა.


შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან რუსთაველები იგებდნენ. შემდეგ ტიტები დაწინაურდა. დიდი შესვენებისთვის თბილისური გუნდი ქულით იგებდა, ხოლო ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი იყო. ასე თანაბრად გაგრძელდა შეხვედრა ბოლო წამებამდე, სადაც გამარჯვება ქვემოქართლელებს დარჩათ.


რუსთავში 20 ქულით ბომბარდირი გახდა გუგა პატაშური, საერთო სარგებლიანობის ინდექსით (24) კი საუკეთესო შედეგი რევაზ როგავამ დააფიქსირა - 19 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა. 12-12 ქულა ზურა ვაშაკიძემ და ეივერი დიგსმა დააგროვეს. ტიტებში 20 ქულითა და 6 პასით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა. 18 ქულა და 8 მოხსნა კვენტინ დევისის ანგარიშზეა.


***

სუპერლიგის პირველი ტური დარულდა. ერთი წყვილი, რომელსაც სუპერლიგის ამ ტურში არ უთამაშია, ბათუმი და ქუთაისია, რომლებიც დღეს ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდნენ, ხოლო პირველი ტურის ერთმანეთში სათამაშო მატჩს მოგვიანებით, თარიღის შერჩევის შემდეგ ჩაატარებენ.


ბოლო მატჩში, რომელიც 21:00 საათზე დაიწყო, ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) და სახელშეცვლილი ცხუმ -აფხაზეთი შეხვდნენ, რომელიც ამიერიდან გურჯაანის დელტას სახელით იასპარეზებს. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ ოთხშაბათს დასრულებულ დუდუდ დადიანის მემორიალზე შეხვდნენ და მაშინ თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში 81:80 იმარჯვა. ამჯერად უნივერსიტეტელთა უპირატესობა ათჯერ მეტი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გურჯაანული დელტა 71:61 (სტატისტიკა) დაამარცხა.


საბოლოო სხვაობა დიდი არ გახლავთ, თუმცა თსუ-მ დამაჯერებლად იმარჯვა. თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, სტუდენტებს შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმიათ. ანგარიშში სხვაობა 5-15 ქულის ფარგლებში მეტ-ნაკლულობდა. ერთხანს, მეორე პერიოდის შუაწელში, თსუ-ელები 19 ქულითაც დაწინაურდნენ (33:14), მაგრამ დელტას მოთამაშეები მალევე გამოერკვნენ და ჩამორჩენის შემცირებით თამაშს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს.


საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. თსუ დამაჯერებლად მივიდა მიზნამდე და სუპერლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა. თსუ-ში 15 ქულით საუკეთესო იყო მათე კაპანაძე, რომელმაც 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასიც მიითვალა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ებრიან ედვარდსმა მოაგროვა, 14 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეც. დელტაში 17 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა. 14 ქულა ოთარ ფხკაძემ დაგროვა.


მომდევნო ტურის მატჩები მომავალ შაბათ-კვირას, 29 და 30 ოქტომბერს გაიმართება.