სვანაძის 21-წლამდები ნოემბერში ორ სპარინგს გამართავენ
სვანაძის 21-წლამდები ნოემბერში ორ სპარინგს გამართავენ
01.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის საქართველოში სამზადისი გრძელდება. ნოემბრის მიწურულს, სავარაუდოდ ელიგის დასრულებისთანავე „დინამო არენაზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ქვეყნის მთავარ სტადიონზე, სადაც 2023 წელს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ჩატარება უწევს, მინდვრის საფარი განახლდება. ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ სატესტო თამაში, ახალ საფარზე 2023 წლის მაისში იგეგმება.


მანამდე კი, რამაზ სვანაძის 21-წლამდები  მიმდინარე წლის ბოლო შეკრების ფარგლებში, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ ისრაელისა და უკრაინის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრები თავდაპირველად, 16 ნოემბერს ისრაელს, 21 ნოემბერს კი, უკრაინას დაუპირისპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სპარინგებს ტურნირის ხასიათი აქვს, სამთა ტურნირის მესამე მატჩი, სტუმარ გუნდებს შორის 19 ნოემბერს ჩატარდება.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით სამთა ტურნირს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას კი, აღნიშნული გვერდი მოგვიანებით აანონსებს.