ოთარ კიტეიშვილი I წრის საუკეთესო ფეხბურთელია
ოთარ კიტეიშვილი I წრის საუკეთესო ფეხბურთელია
04.05.2018
ავტორი:

„დინამო თბილისის" კაპიტანი ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ოთარ კიტეიშვილს, პირველი წრის შემდეგ 5 გატანილი გოლი და 5-იც საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.  პირველი წრის სიმბოლურში მოხვდნენ დინამოელები ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ამ მომენტისთვის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და 18 წლის მცველი ლევან ხარაბაძე.

დინამოელთა 22 წლის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კი ეროვნული ლიგის 30-ე გათამაშების დაწყებიდან, თითქმის ყველა ტურის შემდეგ, სხვადასხვა სპორტული გამოცემების სიმბულურ ნაკრებებში ხვდებოდა.



 

„ნებისმიერი წარმატება და აღიარება ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა. რა თქმა უნდა მიხარია, რომ ამ წრეში საუკეთესოდ დამასახელეს და მადლობას ვუხდი მათ, ვინც მე გამომარჩია. თუმცა ამ წარმატებაზე გაჩერება არ შეიძლება და აუცილებლად, მეც და მთელმა გუნდმაც, დარჩენილ ჩემპიონატში, გაორმაგებული ძალები დავახარჯოთ, რომ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგით" - ამბობს, ოთარ კიტეიშვილი tsff.ge-სთან საუბარში.

ჩემპიონატი „დინამო თბილისისთვის"  მოულოდნელად დაიწყო და გუნდმა, რომელიც ე.წ. 2017 წლის სეზონის საჩემპიონო მატჩის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეიცვალა,  სასტარტო მატჩი ქვედა ლიგიდან ამოსულ გუნდთან წააგო.

„კი, ცუდი სტარტი გვქონდა „რუსთავთან", დავმარცხდით. თუმცა, მოვახერხეთ სიტუაციის გამოსწორება და პირველი წრე ურიგო შედეგითა და სატურნირო პოზიციაზე არ დავამთავრეთ. მიუხედავად ამისა, „დინამოს" შედეგი, ყოველთვის მაქსიმალური უნდა იყოს და აუცილებლად, პირველ ადგილზე გადასასვლელად ვიბრძოლებთ. „დინამო თბილისის" გეზი, ბოლო 2 წელია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობა და აქცენტების გაკეთებაა, რაც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამართლებს. წელსაც, საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოვყალიბდით და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ" - ამბობს, ოთარ კიტეიშვილი.




თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, „დინამო არენის" მე-17 სექტორს რეგულარულად დაუბრუნდა გულშემატკივარი. ქუთაისის „ტოროედოსთან" გამარჯვების შემდეგ, სექტორმა კაპიტანი ოფიციალურად იხმო.

„მადლობას ვუხდი, ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ყველა თამაშზე გვიდგას გვერდში. მიხარია, რომ „ელიტა" დაუბრუნდა ტრიბუნას. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ფან-სექტორთან დალაგებული ურთიერთობა, როგორც ერთი მთლიანის. „ტორპედოსთან" თამაშის შემდეგ, ჩემი და გუნდის მიმართ, მათი პატივისცემის გამოხატვა არასდროს დამავიწყდება. გახსოვთ, ტრიბუნაზე მიხმეს. ასეთი ურთიერთობა არის ჯანსაღი", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.




პირველი წრის გადასახედიდან ალბათ, საინტერესოა, თუ რას შეცვლიდა საკუთარ თამაშში დინამოელთა კაპიტანი, რომელიც ეროვნული ლიგის გათამაშების საწყისი ტურების შემდეგ, არა მხოლოდ „დინამო თბილისის" ქომაგებს, არამედ ეროვნული ლიგის „ფენტეზიში", სხვა კლუბების გულშემატკივარსაც კაპიტნად ჰყავთ არჩეული და როგორც რეალურ გათამაშებაში, ვურტუალურ კლუბებშიც ოთარ კიტეიშვილი სასურველი ფეხბურთელია.

„ნებისმიერი თამაშის შემდეგ, ყოველთვის არის რაღაც მომენტები თამაშიდან, რომელსაც იხსენებ და იცი, რომ შეიძლებოდა უკეთესადაც შეგესრულებინა, გემოქმედა. ვყოფილიყავი უფრო შედეგიანი და მეტად გამოვდგომოდი გუნდს. ასეთ მომენტების გამოსწორებას, უკვე მომდევნო თამაშებზე ვცდილობ. ვცდილობ, ავინაზღაურო მომენტი",  - ამბობს კიტეიშვილი.



 

და ბოლოს, მაისის მიწურულს ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვლადიმირ ვაისი მორიგი ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ უხმობს გუნდს. ოთარ კიტეიშვილი, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მატჩებში მონაწილეობდა, მარტის სანაკრებო შეკრების მიღმა აღმოჩნდა. ამდენად, საინტერესოა მოხვდება თუ არა, ამჯერად,  დინამოელთა 10-იანი ვლადიმირ ვაისის თვალსაწიერში.

„ვცდილობ, ყველა თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯო, ნებისმიერი მატჩის დროს, სადაც არ უნდა ვთამაშობდე. რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დაინტერესებაა. ბუნებრივია, თუ მწვრთნელი ჩათვლის, რომ მას ნაკრებში ვჭირდები, აუცილებლად მზად უნდა ვიყო ამისთვის. ყველანაირად ვეცდები, სანაკრებო ფანჯარას, სათამაშო და ფიზიკური ფორმის მაქსიმალურ პიკზე შევხდე", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

სანაკრებო ფანჯრამდე კი ოთარ კიტეიშვილს, „დინამო თბილისთან" ერთად 6 მაისს, 18:30-ზე, მიხეილ მესხის მთავარ არენაზე, ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველ მატჩში,  „რუსთავს" დაუპირისპირდება.