
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცვლილებაა. ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქართული კალათბურთის მთავარ მმართველ ორგანიზაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დავით საყვარელიძე, აღნიშნულ თანამდეობაზე 1 ნოემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე აირჩიეს.
ახალმა გენერალურმა მდივანმა საკალათბურთო კარიერა ბათუმის „ბასკოში" დაიწყო. მოგვიანებით „აკადემიაში", სულ ბოლოს კი, „არმიაში" თამაშობდა. თუმცა „აკადემიიდან" „არმიამდე" შუალედში, ის, საფრანგეთის „შალონის", ასევე, NCAA-ის „გლოგ კოლეჯის", „ნაზარინის უნივერსიტეტისა" და „დომინიკანის" ღირსებას იცავდა.
ჯერ კიდევ „ბასკოდან" ვიქტორ სანიკიძის უახლოესი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვიქტორი ამერიკაში, „გლობ კოლეჯში" თამაშობდა, ერთი პერიოდი, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც საკვანძო ფიგურა იყო. სპეციალისტების აზრით, მას ეროვნულ ნაკრებშიც ბევრი უნდა ეთამაშა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო (მათ შორის ტრავმა), საყვარელიძემ ეს ვერ მოახერხა. თუმცა, ახლა უკვე, გენმდოვნის რანგში, შეეცდება, ქართული კალათბურთის სამსახურში ჩადგეს.
აქვე ცნობილი ხდება, რომ ახალმა გენმდივანმა, თავის მოადგილედ, ლაშა გამყრელიძე დანიშნა - ასევე ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც არც თუ შორეულ წარსულში აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, სამენეჯერო საქმიანობას მოჰკიდა ხელი.
საყვარელიძემდე, კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის პოსტს, 2 ვადით, გიორგი ქართველიშვილი იკავებდა. მისი 10-წლიანი მუშაობის პერიოდში ქართულ კალათბურთში ბევრი სასიკეთო რეფორმა განხორციელდა. კალათბურთის ფედერაციისა და ქართული საკალათბურთო სამყაროს სახელით, დღეს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, ქართველიშვილს მადლობას უხდის. ქართველიშვილი კი, კალათბურთში კვლავ რჩება და ის კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) აღმასრულებელი საბჭოს წევრობასთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომისიის პრეზიდენტის რანგში საქმიანობას განაგრძობს.





ჩვენ








