
„ნამასტე" - ასე იწყებს დღეს, დაახლოებით 2 სააათის წინ სოცქსელში, სტატუსის წერას საბა სამადაშვილი, რომელიც, გამოცდილ ქართველ მთამსვლელ და კარდიოქირურგ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად ჰიმალაიში, ოქტომბრის ბოლოდან ერთ-ერთი ულამაზესი და ტექნიკურად რთული მწვერვალის ამა-დაბლამის (მწვერვალის დასახელება ქართულად ითარგმნება „დედის სამკაული") დალაშქვრას ცდილობდა. სპორტსმენის ინფორმაციით, ის მწვერვალზე 5 ნოემბრის დილის 9 საათზე ავიდა. თავის შეტყობინებაში კი, საბა წერს:
„ნამასტე. მოკლედ, 5 ნოემბერს დილის 9 საათზე ავედი ამა დაბლამზე!!!
მთაზე გასვლა მომიწია მარტოს. მთელი ექსპედიცია მე და ავთო დავდიოდით შერპებისა და პორტერების გარეშე, გაცილებით მძიმე ჩანთებით, ვიდრე შერპებთან ერთად. მოგეხსენებათ ამა დაბლამი საკმაოდ ტექნიკური მთაა თავისი ქედებით, ყვითელი თუ ნაცრიფერი თაუერებით, დაბლამებით და ციცაბო ფერდებით. ავთომ მე-2 ბანაკში ( 6100 მ) მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა დარჩენილიყო და მე მარტოს გამეგრძელებინა გზა, რამაც რეალურად გაზარდა ექსპედიციის წარმატების შანსები.
ერთი სამწუხარო ფაქტიც მოხდა, საბაზოში გავიცანით ფრანგი მთამსვლელი ჟან მარკ მორშელი, უწესიერესი და უსაყვარლესი კაცი! ის, 62 წლის ასაკში, მწერვალიდან დაშვების შემდგომ, მე-3 ბანაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამ ამბავმაც ძალიან იმოქმედა ჩვენზე, ვინაიდან ძალიან დავმეგობდით!
RIP Jean Marc Morschel!
მადლობა ექსპედიციის სპონსორებს და მხარდამჭერებს!"

საბას კომენტარი ამა-დაბლამის მწვერვალიდან
მწვერვალზე ასასვლელად, ქართულ წყვილს გრძელი გზა ნეპალიდან და შემდეგ, უკვე საბაზო ბანაკიდან, ჯერ სააკლიმატიზაციოს გავლა მოუხდათ მთაზე, შემდეგ დასვენება და მერე ისევ თავიდან, შტურმზე... როგორც ჩვენთან საუბარში, საბა ამბობს, იარეს სპორტულად, 16-18 კგ-იანი ჩანთებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაიში მდებარე სხვა მწვერვალებთან შედარებით, ამა-დაბლამი მხოლოდ 6,812 მეტრის სიმაღლისაა, არის ტექნიკურად რთული გასავლელი.
„იცი რაა, სიმართლე გითხრა არ გამჭირვებია. კარგი და რთული მთაა, ყურადღებით უნდა იყო სულ, მარა რაღაცნაირად მზად ვიყავი და გაასწორა", - ამბობს საბა.
უკვე მწვანეზე ჩამოსული ქართველები, სამშობლოში დაბრუნებას დაახლოებით, 18 ნოემბრისთვის გეგმავენ. ჩვენ კი, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მწვერვალი, ბოლო წლებში, ქართველ მთამსვლელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. 21-ე საუკუნის დასაწყიში, სწორედ, ამა-დაბლამზე, გამოცდილ ქართველ მთამსვლელებთან აფი გიგანთან, გელა ოთარაშვილთან და ბენო ქაშაკაშვილთან ერთად, ჰიმალაის მასივში, პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი, სოფო თვარაძე ავიდა.
ფოტო: საბა სამადაშვილის
მსგავსი თემატიკა: „სამკაული დედისთვის"





ჩვენ








