ნოემბრის სანაკრებოზე ბუდუ ეროვნულს ვერ დაეხმარება
ნოემბრის სანაკრებოზე ბუდუ ეროვნულს ვერ დაეხმარება
07.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე კვირის განმავლობაში, მხარზე ოპერაციას გაიკეთებს. ჩვენი ვებ-გვერდი ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.

„ძაან სერიოზული არა, მაგრამ ოპერაცია მჭორდება ისეთი ტრავმაა. ყველამ ოპერაცია გაიკეთო ჯობიაო. ველაპარაკე დათო ხარაბაძესაც და მერაბ ვარძულაშვილსაც. ორივემ ოპერაციის გაკეთება მირჩია. აქ ვიკეთებ ხუთშაბათს. ხო, თუ მოსახდენი იყო, ახლა, რომ მოხდა კაია. დასვენება უწევს თან. პაუზაა და მოვასწრებ რეაბილიტაციას სეზონოს დაწყებამდე", - ამბობს ზივზივაძე, ჩვენთან საუბარში.


ამ მოვლენიდან გამომდინარე, ბუდუ ზივზივაძე ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, ვილი სანიოლის და ბიჭებს ვერ დაეხმარება. ქართველთა გუნდი რამდენიმე დღეში, 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება, სადაც 17 ნოემბერს, მაროკოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


რაც შეეხება ბუდუს, მას სრული რეაბილიტაციისთვის 4-დან 6 კვირამდე დასჭირდება. ამის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ქართველი, არა მხოლოდ უნგრული „ფეჰერვარისთვის" არამედ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელსაც 2023 წლის მარტში უწევს პირველი ოფიციალური თამაში, სრულ მზადყოფნაში შეხვდება.