ვიკინგებმა ჯვაროსნებს დაუთმეს!
ვიკინგებმა ჯვაროსნებს დაუთმეს!
12.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

150-მდე გულშემატკივარი ორგანიზებულად, ერთად მივიდა ქართული გუნდის საქომაგოდ და რეიკიავიკის Laugardalshöll-ში, რომელიც 2000-ზე მეტ ადგილს ითვლის, ბოლომდე და ერთგულად უქომაგა გუნდს, რომელმაც ურთულესი და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, ერთი მცირე ნაბიჯით წაიწია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ქართველი გულშემატკივარი მათ სოციალური ქსელის დახმარებით უკავშირდებოდა და თამაშზე დასწრების მზადყოფნას აცხადებდა. ჩვენ, აქედან დროშები მივაშველეთო. თბილისიდან გაგზავნილი დროშებით, ერთად ნამღერი ჰიმნით, პარკეტზე მყოფმა ხუთეულმა, მეექვსე მოთამაშესთან ერთად, ბოლო წამებამდე იბრძოლა და ისლანდიასთან მატჩში, 85-88 გაიმარჯვა.




საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც და თამაშშიც, ყველაზე შედეგიანი, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, თორნიკე შენგელია იყო. ტრავმის შემდეგ, დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 27 ქულა დააგროვა, ამასთან ორმაგი დუბლიც მიითვალა 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 ბლოკი. კიდევ ერთ ბლოკზე, რომელიც ჩვენი აზრით სრული წესების დაცვით და შეხვედრის კრიტიკულ მომენტში ვიხილეთ, კაპიტანი დააჯარიმეს. თუმცა, ეს, ჩვენი აზრით, ამ შეხვდრაში, მსაჯების მიერ, ქართული გუნდის წინააღმდეგ დაშვებული ერთადერთი შეცდომა არ იყო... ამ შეხვედრაში კი, თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა.




რადგან სიტყვამ ტექნიკური მაჩვენებელი მოიტანა, აქვე გადავხედოთ მატჩის საბოლოო ოქმს და აღვნიშნოთ, რომ შენგელიასთან ერთად, ორმაგი დუბლი გიორგი შერმადინმაც გაიფორმა - 10 ქულითა და 11 მოხსნით. 13 ქულა იყო მატჩის შემდეგ დუდა სანაძის ანგარიშზე. თად მაკფადენმა 12 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. ცალკე აღნიშნვის ღირსია კიდევ ორი კალათბურთელი, მიშა ბერიშვილი, რომელის ანგარიშზე საჭირო დროს 3  ზუსტი „სამიანი" და შესაბამისად 9 ქულა მოდის და რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ბერიშვილის მსგავსად, გუნდს 6 ქულა კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში შესძინა.


კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური დეტალი, გიორგი ცინცაძემ, ეროვნული ნაკრების მაისურით 202-ედ ითამაშა. „ბუ"-მ გუნდს, ამ დღეს 7 ქულა და 4 პასი მიახმარა.


ილიას ზუროსმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო:  გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი. 17-26, 21-19, 25-15, 22-28  ასეთი იყო, მატჩის მიმდინარეობა პერიოდების მიხედვით. საქართველოს ნაკრები, მთელი მატჩის მანძილზე ახერხებდა, შორ სროლებზე ორიენტირებული სწრაფი და მობილური ისლანდიელების გაკონტროლებას, თუმცა, მესამე პერიოდში მასპინძლებმა მოახეხრეს თამაშის დაძაბვა და წინ გაჭრაც. ისლანდიელებმა მეორე და მესამე მეოთხედები მოიგეს და ის 7-ქულიანი (38-45) უპირატესობა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ გვგქონდა და ასე თუ ისე გვეიმედებოდა, ნელ-ნელა გააქრეს.




ბოლო მეოთხედის წინ, ტაბლოზე, მასპინძლების სასარგებლოდ 3 ქულა იყო სხვაობა (63-60). ზუროსის გუნდის წინ, კი, მძიმე, თუმცა, არც თუ შეუსრულებელი ამოცანა იდგა. ბოლო წუთნახევარი ძალზედ გაიწელა. ორივე გუნდი, ტაქტიკური საჯარიმოების ხარჯზე ცდილობდა ფონს გასულიყო. მთელი ეს მონაკვეთი, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა უპირატესობა, რომელიც დაცვაში სწორი თამაშის ხარჯზე უნდა შეენარჩუნებინათ და ჩვენმა გუნდმა ეს მოახერხა. ბოლო პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა, საჯარიმოეიბის მიღმა, აქ, თამაშის ბედი, სამქულიანებმაც გადაწყვიტეს. საერთო ჯამში, ისლანდიელებმა, 30-დან 10 ზუსტი, ჩვენებმა კი, 29-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს.  ვთქვათ ისიც, რომ ისლანდიელთაგან 15 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტრიგვი ჰლინასონი.


და ბოლოს, ამ დღეს, ზურუსმა, თამაშის საშუალება, განაცხადში მყოფი 12 მოთამაშიდან, პარკეტზე 10 გამოუშვა. არ უთამაშიათ მხოლოდ, ილია ლონდარიძესა და გიორგი კორსანტიას.


საქართველოს ნაკრები, მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, „თბილისი არენაზე" იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


ფოტო: @FIBA